იტალიის სერია A-ს მე-17 ტურში საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ სტუმრად „ატალანტასთან“ დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა.
„ატალანტა“ სუპერფორმაშია, სერია A-ში ზედიზედ მე-11 გამარჯვება მოიპოვა, რაც აქამდე არასდროს ჰქონდა გაკეთებული. თუმცა, ბერგამოელებს მაგრად გაუჭირდათ.
მე-13 წუთზე „ემპოლი“ ლორენცო კოლომბომ დააწინაურა, მიუხედავად ამისა, მასპინძლებმა ტაიმი მაინც მოიგეს. ანგარიში შარლ დე კეტელარემ გაათანაბრა, ხოლო შემდეგ ადემოლა ლუკმანმა პირველი ტაიმის ბოლო წუთზე წინ გაიყვანა თავისი გუნდი. მეორე ნახევარი „ემპოლის“ გოლით დაიწყო, სებასტიანო ესპოზიტომ პენალტით გაათანაბრა.
რობერტო დ’ავერსას გუნდი ინარჩუნებდა სასურველ ანგარიშს, მეტოქეს სახიფათო მომენტებსაც არ აქმნევინებდა, თუმცა 86-ე წუთზე დე კეტელარემ შესანიშნავად ითამაშა და გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.
20 წლის ქართველი მცველი მე-80 წუთზე შეცვალეს, როცა თანაგუნდელთან შეჯახებისას მცირე დაზიანება მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა, მაგრამ საგანგაშო დაზიანება ნამდვილად არ უნდა იყოს. საბა აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელის, ადემოლა ლუკმანის წინააღმდეგ თამაშობდა. როცა ნიგერიელმა გოლი გაიტანა, საბას დაასწრო, მაგრამ მთლიანობაში ქართველი კარგად გამოიყრებოდა, ბევრჯერ მოუგო მას პოზიცია და ბურთიც არაერთხელ წაართვა. ლუკმანი 70-ე წუთზე შეცვალეს, რაც ასევე ადასტურებს, რომ გოგლიჩიძემ საუკეთესო თამაშის ჩატარების საშუალება არ მისცა.
საბა გოგლიჩიძისთვის ეს იყო მე-14 მატჩი სერია A-ს მიმდინარე სეზონში. „ემპოლი“ 19 ქულით მე-11 ადგილზეა და 28 დეკემბერს, „ჯენოას“ უმასპინძლებს.
ბერგამოს „ატალანტა“ 40 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ „ნაპოლის“ 2 ქულით უსწრებს, ხოლო 28 დეკემბერს, რომში, „ლაციოს“ ეწვევა.