რაგბი

18:00 | 22.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ‘ლელო’ ზამთრის ჩემპიონია!

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის ელიტამ კალენდარული წლის მიწურულს ლიდერი იცვალა. ცხრილის პირველ საფეხურს ‘ლელო’ დაუბრუნდა, რომელიც 46 ქულით ზამთრის არაოფიციალური ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა. სეზონში მეორე მარცხმა ‘აია’ 44 ქულით მე-2 პოზიციაზე დააქვეითა. 40 ქულით ‘ხვამლი’ რიონისპირელებს უდგას კვალში. აღსანიშნავია, რომ ლიდეთა სამეულმა 9-9 შეხვედრა მოიგო და დიდ დიღმელებმა ლიდერობა ხელთ მეტი ბონუს-ქულის (9-პრემიალური და 1 ნუგეში) წყალობით იგდეს. მოგებათა იშტაზე მოსულმა ‘არმიამ’ 27 ქულა დააგროვა და მოწინავე კვარტეტში ადგილი გაიმყარა.

რუსთავის ‘ხარები’ 18 ქულით მე-5 ადგილზე დარჩა და მდევრებს: ‘ყოჩებსა’ და ‘ლოკომოტივს’ 3 ქულით უსწრებს. „რკინიგზელებმა“ უკეთესი პირისპირ ბალანსით პლეი ოფის ზონაში, მე-6 პოზიციაზე აინაცვლეს. პირველობის აუტსაიდერად კი 8 ქულით ‘ბათუმი’ რჩება.

„ოქროს“ ჯგუფის მე-11 ტურის გამორჩეული შეხვედრა ვაზისუბნის სარაგბო არენაზე გაიმართა, სადაც ‘არმიამ’ პირველობის ლიდერ ‘აიას’ უმასპინძლა. მატჩი უაღრესად დაძაბული გამოდგა და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მატჩის დებიუტში რიონისპირელები ჰავბეკ თემურ თუთბერიძის გატანილი ჯარიმით დაწინაურდნენ, რასაც „არმიელთა“ შუამარბ ლუკა ტაბატაძის გარდასახული ლელო მოჰყვა. შესვენებამდე მეტოქეებმა თითო ჯარიმა გაიტანეს, რამაც ‘არმიას’ ტაიმი 4 ქულიანი სხვაობით მოაგებინა.

მეორე ნახევარში „არმიელთა“ ჰავბეკმა კაპიტანმა გიორგი მიშელიძემ პირად მონაგარს წყვილი გატანილი ჯარიმა შემატა და საკუთარი გუნდის უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდა. ‘აიამ’ ტემპს უმატა და ტაიმის შუაწელს მარბიელ საბა ფხაკაძის გარდასახული ლელოთი ანგარიშში ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა. დარჩენილ დროში რიონისპირელებს უამინდობით გამოწვეული რამდენიმე დღიანი უწვრთნელობა დაეტყოთ, რამაც თენგო ჯინაშვილის შეგირდებს საქმე გაუიოლა. თამაშის მაღალი დისციპლინით გამორჩეული ‘არმია’ თავს კარგად იცავდა და მწყობრი გუნდური თამაშით ვიცე-ჩემპიონს წარმატების შანსი არ დაუტოვა. ‘არმიამ’ მიჯრით მე-5 გამარჯვება მოიპოვა, პირველ წრეში განცდილი პირწმინდა მარცხისთვის ‘აიას’ რევანში აუღო, მეტოქე ნუგეშ-ქულას დააჯერა და თან რიონისპირელებს ლიდერობაც დააკარგვინა - 16:13.

‘ყოჩები’-‘ლელოს’ შეხვედრა ნუცუბიძის ფერდობზე მდებარე „რაგბი პლატოზე“ გაიმართა. მატჩის საწყისი 5 წუთი ქვემო ქართლელთა უპირატესობით აღინიშნა და ‘ყოჩები’ მგეზავ ზურა დემეტრაძის გატანილი ჯარიმით დაწინაურდა, რის შემდგომ სრულ უპირატესობას უკვე ჩემპიონი ფლობდა. ზურა ხორბალაძის ბიჭები დაცვაში საიმედოდ, ხისტად ირჯებოდნენ და ჩვეულ დომინანტურ ბოჭვებს, შეტევაში კომბინაციურ თამაშსაც კარგად უთავსებდნენ.

‘ლელო’, კვაჭ დავით არჩვაძის გარდაუსახავი ლელოთი დაწინაურდა, რასაც შესვენებამდე დიდ დიღმელთა კიდევ 3 გატანილი ლელო მოჰყვა და ფავორიტი შესვენებაზე 23 ქულიანი სხვაობით წავიდა. მეორე ტაიმში ჩემპიონმა თავისი საგრძნობი უპირატესობა მგეზავი კაპიტნის გიგი სირბილაძისა და მოლის მრავალჯერადი ჩაქცევისთვის მის სასარგებლოდ დანიშნული საჯარიმო ლელოთი გაიმყარა. ‘ლელომ’ პირველობაზე მე-9 გამარჯვებაც პრემიალური ქულით მოიპოვა - 38:3.

„ხარები არენაზე“, ‘ხარები’-‘ხვამლის’ შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. პირველი ნახევარი მუხიანელებმა ჰავბეკ დავით წიკლაურის გატანილი ეული ჯარიმით მოიგეს. მეორე ტაიმში მეტოქეებმა ტემპს უმატეს და მოედანზე ბრძოლა უფრო გამძაფრდა. ქვემო ქართლელები უამრავ დომინანტურ ბოჭვას ეფექტურად ასრულებდნენ, სტუმრებს არაერთი პრობლემა შეუქმნეს, თუმცა ხელსაყრელი მომენტების რეალიზება ვერ შეძლეს და ჰავბეკ გიორგი სვანიძის გატანილ ერთადერთ ჯარიმას დაყაბულდნენ. ‘ხვამლი’ კი უფრო რაციონალურად ირჯებოდა და შეტევაში მეტი ხეირი ჰპოვა. სტუმართა ფრთა ლუკა კაპანაძის გარდაუსახავ ლელოს, მარბიელი კაპიტნის გიორგი ბოჩიკაშვილის გატანილი ლელო დაერთო, რომელიც დავით წიკლაურმა გარდასახა. ‘ხვამლმა’ შეხვედრა 15:3 მოიგო, თუმცა დაგეგმილი პრემიალური ქულის აღება ვერ მოახერხა.

ტურის დასკვნითი შეხვედრა აჭარის დედაქალაქში გაიმართა, სადაც აუტსაიდერმა ‘ბათუმმა’ ცხრილში მეზობლად მყოფ ‘ლოკომოტივს’ უმასპინძლა. შეხვედრა უაღრესად დაძაბული გამოდგა და ქულა-ქულაში წარიმართა. მეტოქეებმა 3-3 ლელოს გატანა მოახერხეს. აჭარელთა კვაჭმა ნიკა ბერიძემ „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა. „რკინიგზელთაგან“ კი ლელოს დადება მღლეტელმა დემეტრე საბანაძემ, მარბიელმა ლუკა ბიგანაშვილმა და ჰავბეკმა ნიკა ომსარაშვილმა მოახერხეს.

მატჩის ბოლო წუთზე, მასპინძელთა 5-მეტრიანთან ‘ლოკომოტივმა’ რაქიდან ძალუმად შეუტია, ომსარაშვილმა კი ეფექტური მოძრაობით გამარჯვების მომტანი ლელო გაიტანა და ბათუმელები ნუგეშ-ქულის ამარა დატოვა. ‘ლოკომოტივმა’ სეზონში მესამე შეხვედრა მოიგო - 20:19.

პირველობა იანვრის შუაწელს განახლდება და მორიგ, მე-12 ტურის გამორჩეულ შეხვედრაში, დედაქალაქურ დერბიში ერთმანეთს ‘ლელო’ და ‘არმია’ დაუპირისპირდებიან.

RUGBY.GE

0.131122