crocobet დიდი 10-ის მე-12 ტურში, ქვეყნის ჩემპიონმა ქუთაისის ‘აიამ’ სტეფანწმინდის ‘ყაზბეგი’ 52:12 დაამარცხა და პირველი ადგილი დაიბრუნა.
‘აიამ’ მიმდინარე გათამაშებაში 11-იდან 10 თამაში მოიგო, კონკურენტი ‘არესის’ მარცხით ისარგებლა და 45 ქულით დაწინაურდა. ისიც სათქმელია, რომ გიორგი ნემსაძის შეგირდებს ერთი გამოტოვებული თამაში აქვთ, რომელსაც 2 თებერვალს ‘ტაოსთან’ გამართავენ. ქუთაისელებმა “სარბიელის სინიც” შეინარჩუნეს, ‘ყაზბეგი’ კი 22 ქულით მე-7 ადგილზე რჩება.
"აია არენაზე” მასპინძლები დებიუტშივე დაწინაურდნენ. თემურ კოხოძემ მეტოქეს ბურთი ხელიდან გამოსტაცა და ლელომდე 25 მეტრი ირბინა. გიორგი ბაბუნაშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახა. ‘აია’ სათამაშო უპირატესობას ფლობდა, 22-ე წუთზე სწრაფი შეტევა განახორციელა და ირაკლი სიმსივემ მეორე ლელო გაიტანა. 36-ე წუთზე მასპინძელთა ხელდახელ შეტევა კოხოძის მორიგი ლელოთი დასრულდა, ბაბუნაშვილმა გარდასახვა შეასრულა და ტაიმი 19:0 დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგი ფრუიძემ კონტრშეტევაზე გაჭრა ხაზი და დიდი მანძილი მოიგო, მიყოლამაც არ დააგვიანა და გიორგი ბაბუნაშვილმა საკუთარი ლელო გარდასახა. 46-ე წუთზე ლუკა ჭაავამ გაჭრა ხაზი და კარგად იარა, ამას ფორვარდების ორი დარტყმა და დავით ვარდანიძეს ლელო მოყვა. ბაბუნაშვილმა გარდასახა.
51-ე წუთზე ლევან ქუშაშვილმა შერკინების შემდეგ ხაზი გაჭრა და ერთი საპასუხო ლელო გაიტანა, ხოლო 61-ე წუთზე ქუშაშვილმა ცენტრში ჩაჭრა გადაცემა და კონტრშეტევაზე მეორე ლელო მიითვალა. დავით მოძღვრიშვილმა ერთი გარდასახა. 65-ე წუთზე ‘ყაზბეგი’ გიორგი ზაგაშვილის სინბინის შემდეგ მოედანზე 10 წუთით კაცნაკლული დარჩა და ‘აიამ’ ამით კარგად ისარგებლა. ლელოები ილია გაბისონიამ, ტიმოთი მბოლამ და ჯიუტა მბატირერენგამ გაიტანეს, გუჯა მახარეიშვილმა კი ორი გარდასახვა გამოიყენა - 52:12. მატჩის საუკეთესო მოთამაშე თემურ კოხოძე გახდა.
RUGBY.GE