„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ჯენოასთან“ მატჩის (2:1) შემდეგ ისაუბრა.
იტალიელი სპეციალისტი ძალიან უკმაყოფილო იყო მეორე ტაიმით და აღნიშნა, რომ გამართლების ხარჯზე მოიგეს. კონტე დარწმუნებულია, რომ მის გუნდს ამბიცია თუ აქვს, უნდა შეიცვალოს და მხოლოდ ერთი ტაიმი კი არა, მთელი მატჩი კარგად ითამაშოს:
„პირველი ტაიმის შემდეგ ვთქვით, რომ მეტოქისთვის დაბრუნების საშუალება არ უნდა მიგვეცა. პირველ ტაიმში ვდომინირებდით, თავიდან ბოლომდე, ალბათ, საუკეთესო ტაიმი გვქონდა, თუმცა მეორე ტაიმი საერთოდ არ მომეწონა. ამ სტადიონს კარგად ვიცნობ, პატარა ნაპერწკალიც საკმარისია ტიფოზების დასამუხტად. თავი შეტევით უნდა დავიცვათ და არა შიშით, იმის გამო, რომ თამაშის ინერცია მეტოქის მხარესაა. ბიჭებმა იციან, რომ გაბრაზებული ვარ, რადგან პირველი ტაიმი თუ შესანიშნავი იყო, მეორე ტაიმი - საშინელი და ეს არ არის ჩემი მენტალიტეტის შესაბამისი. ახლა ორი დღე დავისვენებთ და შემდეგ „ვენეციასთან“ მატჩისთვის მოვემზადებით, სადაც მაქსიმუმი უნდა ვაჩვენოთ.
არ ვიცი, „ჯენოა“ შეიცვალა თუ ჩვენ, მაგრამ პირველ ტაიმში ნაცვენები თამაშით ძალიან კმაყოფილი ვიყავი, სრულად ვდომინირებდით. თუ მინიმალური ამბიცია მაინც გვაქვს და გვინდა მეტოქეებს პრობლემები შევუქმნათ, უნდა შევიცვალოთ და 95 წუთი მაღალ დონეზე უნდა ვითამაშოთ. ბიჭები კმაყოფილი არიან 3 ქულით, მაგრამ იციან, რომ ასე თამაში არ შეიძლება. მეორე ტაიმში არაფერი მომეწონა, ვიმეორებ, თავს იმიტომ არ უნდა ვიცავდეთ, რომ მეტოქე გვიტევს და გვეშინია, არამედ თავი უნდა დავიცვათ ჩვენივე შეტევებით, დღეს, გაგვიმართლა, რომ მოვიგეთ, სხვა შემთხვევაში, მწარე ცრემლებით ვიტირებდით“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ 38 ქულით ამ დროისთვის პირველ ადგილზეა, თუმცა „ატალანტას“ შეუძლია მისი გადასწრება, რომელსაც ტურში ჯერ არ უთამაშია. „აძური“ მომდევნო მატჩს 29 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე „ვენეციასთან“ გამართავს.