ესპანელმა მცველმა სერხიო რამოსმა მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. 38 წლის ფეხბურთელმა არგენტინულ კლუბ „ბოკა ხუნიორსში“ გადასვლაზე უარი თქვა, იუწყება TyC Sports.
„ბოკამ“ ზამთარში რამოსის შეძენას სერიოზულად განიხილავდა. ამ ტრანსფერს იმედოვნებდა გუნდის მთავარი მწვრთნელი ფერნანდო გაგო, რომელიც კარგად იცნობს სერხიოს „რეალში“ ერთად თამაშიდან. თუმცა ესპანელს არგენტინაში გადასვლა არ სურს. სად გააგრძელებს კარიერას ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რამოსის ბოლო კლუბი მშობლიური „სევილია,“ გახლდათ, სადაც ფეხბურთელმა პროფესიული კარიერა დაიწყო. 38 წლის მცველი ანდალუსიაში 2023 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დაბრუნდა. მანამდე ის მადრიდის „რეალსა“ და ფრანგულ „პარი სენ-ჟერმენში“ თამაშობდა.
გასულ სეზონში მცველმა „სევილიაში“ ყველა ტურნირზე 37 მატჩი ჩაატარა, შვიდი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.