იტალიის სერია A-ს მე-16 ტური „ლაციოს“ და „ინტერის“ მატჩით დასრულდა, რომელშიც საინტერესო ბრძოლას ელოდნენ, მაგრამ ბრძოლა არ შედგა - „ინტერმა“ მეტოქეს გადაურბინა.
მე-40 წუთამდე „ლაციო“ უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებდა, უფრო მწვავედ უტევდა, „ინტერს“ სახიფათო არაფერი შეუქმნია. თუმცა, ტაიმის მიწურულს სიტუაცია ერთმა მომენტმა შეცვალა, როცა მილანელებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს და ჰაკან ჩალჰანოღლუმ ანგარიში გახსნა.
ამის შემდეგ „ლაციო“ მოედანზე უბრალოდ აღარ არსებობდა, „ინტერს“ ყველაფერი ისე გამოსდიოდა, თითქოს, არაპროფესიონალებს ეთამაშებოდა. პირველივე ტაიმში ფედერიკო დიმარკომ სხვაობა ორამდე გაზარდა.
მეორე ნახევარში ნიკოლო ბარელამ, დენზელ დუმფრისმა, კარლოს აუგუსტომ და მარკუს ტურამმა გაიტანეს - 0:6...
„ინტერი“ 34 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ „ატალანტას“ 3 ქულით ჩამორჩება, მაგრამ თამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული, ხოლო მომდევნო ტურში „კომოს“ უმასპინძლებს. „ლაციო“ 31 ქულით მეხუთე ადგილზეა და მომდევნო მატჩს „ლეჩესთან“ გამართავს.