ფეხბურთი

21:43 | 16.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" წამყვანი მცველი დიდი ხნით გამოაკლდა

„ნაპოლის“ ალესანდრო ბონჯორნო დაუშავდა, რაც კლუბისთვის დიდი დანაკლისია. იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კონტეს გუნდის დაცვის ხაზის ლიდერი და ნათელი წერტილია, მისი შეცვლა კი, ძალიან რთული იქნება.

ბონჯორნომ ტრავმა, რომელიც სერიოზულია, ვარჯიშზე მიიღო. როგორც იტალიური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, დაცემის შედეგად, ბონჯორნომ ხერხემალზე მოტეხილობა მიიღო. ეს იშვიათი ტრავმაა, ამიტომ ზუსტად როდის დაუბრუნდება „ნაპოლის“ ბონჯორნო უცნობია.

თუმცა, ცნობილია, რომ თვეზე მეტ ხანს იუქმებს. როგორც იტალიური მედია წერს, ბონჯორნო იანვრის ბოლომდე ან თებერვლის დასაწყისამდე ვერ ითამაშებს.

ალესანდრო „ნაპოლის“ „ჯენოასთან“, „ვენეციასთან“, „ფიორენტინასთან“, „ვერონასა“ და „ატალანტასთან“ მატჩებში ნამდვილად ვერ დაეხმარება. სავარაუდოდ, 26 იანვარს, „იუვენტუსთან“ შეხვედრასაც გამოტოვებს, თუმცა შეიძლება პირიქით მოხდეს და მოასწროს გამოჯანმრთელება, მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ 2 თებერვალს, „რომასთან“ შეხვედრისთვის მზად იყოს.

„ნაპოლის“ ბონჯორნოს ღირსეული შემცვლელი არ ჰყავს. გუნდის სათადარიგო ცენტრალური მცველები არიან რაფა მარინი და ჟუან ჟეზუში. მარინს სერია A-ს მიმდინარე სეზონში წუთიც არ უთამაშია, ხოლო ჟეზუში პირველ ტურში „ვერონასთან“ იყო მხოლოდ მოედანზე, როდესაც „აძური“ 0:3 დამარცხდა და მას შემდეგ სერია A-ში ბრაზილიელს წუთიც არ უთამაშია. არის ვარიანტი, რომ დაცვის ცენტრში მარცხენა მცველი მატიას ოლივერა ან მარჯვენა მცველი ჯოვანი დი ლორენცო დააყენონ.

ალესანდრო ბონჯორნომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 15 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

0.122933