უეფამ ერთა ლიგის ოთხთა ფინალის მასპინძელი დაასახელა. მეოთხედფინალში, გერმანია-იტალიის ნაკრებთა წყვილში გამარჯვებული ოთხთა ფინალს უმასპინძლებს.
თუ გერმანია მოახერხებს იტალიის დამარცხებას და ნახევარფინალში გავა, ერთა ლიგის ოთხთა ფინალს გერმანიის ორი ქალაქი, მიუნხენი და შტუტგარტი უმასპინძლებენ, სადაც ნახევარფინალური, ფინალური და ასევე, მესამე ადგილისთვის მატჩები ჩატარდება.
თუ იტალია მოახერხებს გერმანიის დამარცხებას და ნახევარფინალში გასვლას, ოთხთა ფინალი იტალიის ქალაქ ტურინში გაიმართება, „ალიანც სთედიუმსა“ (იუვენტუსის სტადიონი) და „სტადიო ოლიმპიკოზე“ (ტორინოს სტადიონი), ნახევარფინალები, მესამე ადგილისთვის მატჩი და ფინალი.
უეფას ერთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება. ორმატჩიან დუელში გერმანია იტალიას, დანია პორტუგალიას, ნიდერლანდები ესპანეთს და ხორვატია საფრანგეთს დაუპირისპირდება. ორი მატჩის ჯამში გამარჯვებულები ნახევარფინალში (ოთხთა ფინალში) გავლენ.
ოთხთა ფინალი 2025 წლის 4-8 ივნისს ჩატარდება. 4-5 ივნისს ნახევარფინალები, ხოლო 8 ივნისს მატჩი მესამე ადგილისთვის და ფინალი.
გარდა ამისა, დღესვე, უეფამ დაასახელა ევროპის სუპერთასის მასპინძელიც. 2025 წელს, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის გამარჯვებული გუნდების მატჩს იტალიის ქალაქი, უდინე უმასპინძლებს. ევროპის სუპერთასის შეხვედრა 2025 წლის 13 აგვისტოს გაიმართება.