ფეხბურთი

17:50 | 16.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

"თელავმა" ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა
მარტვილის "მერანი" და "იბერია 2" ეროვნული ლიგა 3-დან ეროვნულ ლიგა 2-ში დაწინაურდნენ

„თელავმა“ ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. პაბოს ხრისტოდულუს გუნდმა პლეი-ოფში „რუსთავს“ ორი მატჩის ჯამში 3:2 აჯობა.

„თელავმა“ პირველი შეხვედრა საკუთარ მოედანზე 2:1 მოიგო, რუსთავში კი, ფრე დაფიქსირდა - 1:1.

„რუსთავი“ მე-12 წუთზე იუტა ნაკანოს გოლით დაწინაურდა და ორი მატჩის ჯამში წონასწორობა აღადგინა. ძირითად დროში არაფერი შეცვლილა და დამატებითი დრო დაინიშნა. ყველაფერი პენალტების სერიისკენ მიდიოდა, თუმცა, 116-ე წუთზე ტატო ჟივიძემ თავური დარტყმით გაუტანა მასპინძლებს და გადამწყვეტი გოლი გაიტანა. შესაბამისად, მომდევნო სეზონში „თელავი“ ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს, ხოლო „რუსთავი“ - ეროვნულ ლიგა 2-ში.

დღესვე, ეროვნული ლიგა 2-სა და ეროვნული ლიგა 3-ის პლეი-ოფის მატჩები გაიმართა. მარტვილის „მერანი“ შინ „შტურმს“ დაუზავდა - 1:1. სტუმრები 39-ე წუთზე ლაშა უგრეხელიძის გოლით დაწინაურდნენ და ძირითადი დრო „შტურმმა“ 1:0 მოიგო. ვინაიდან პირველი მატჩი „მერანს“ სტუმრად ამავე ანგარიშით ჰქონდა მოგებული, დამატებითი დრო დაინიშნა. ყველაფერი პენალტების სერიისკენ მიდიოდა, თუმცა, ბოლო, 120-ე წუთზე მალიქშოხ რასულოვმა გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. ორი მატჩის ჯამში „მერანმა“ 2:1 მოიგო და ლიგა 2-ში აღზევდა, ხოლო „შტურმი“ ლიგა 3-ში დაქვეითდა.

ლიგა 2-ში აღზევდა „იბერია 2“-იც, რომელმაც სტუმრად გივი ხაჩიძის ერთადერთი გოლით დაამარცხა „არაგვი“. პირველი მატჩი ფრედ, 2:2 იყო დასრულებული, შესაბამისად, „იბერია 2“-მა ორი მატჩის ჯამში 3:2 მოიგო და ლიგა 3-დან ლიგა 2-ში გადავიდა, ხოლო „არაგვი“ ლიგა 2-დან ლიგა 3-ში გავარდა.

0.114622