„კარლსრუეში“ ბუდუ ზივზივაძის მომავალი გაურკვეველია. ქართველი ფორვარდი შესანიშნავ ფორმაშია, გუნდის საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.
გერმანული მედიის ცნობით, „კარლსუეს“ სებასტიან ფრაისმა არ გამორიცხა იანვარში ბუდუს გაყიდვა, თუმცა, ისიც თქვა, რომ ამ დრომდე კონკრეტული შეთავაზება არ მიუღიათ, მაგრამ არ გაუკვირდება, თუ ერთი-ორი კლუბი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გამოჩნდება. აღსანიშნავია, რომ გერმანელები ქართველთან კონტრაქტის განახლებასაც ცდილობენ.
ზივზივაძეც არაფერს გამორიცხავს და ამ ეტაპზე ყველა ვარიანტს ღიად ტოვებს:
„კონტრაქტი ზაფხულამდე მაქვს და მინდა, აქ სეზონის ბოლომდე დავრჩე, გუნდს დავეხმარო. თუმცა, ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია, ეს ეხება მომავალ ზაფხულს და ზამთრის პაუზასაც“, - აღნიშნა ბუდუმ გერმანულ მედიასთან.
საიდუმლო არავისთვისაა, რომ ზივზივაძეს თამაში ტოპლიგაში, უმაღლეს დივიზიონში სურს, შესაბამისად, თუ იანვარში გუნდს არ დატოვებს და „კარლსრუე“ ბუნდესლიგის საგზურს მოიპოვებს, რისთვისაც იბრძვის, ბუდუს დარჩენის შანსი გაიზრდება.
ბუდუ ზივზივაძე II ბუნდესლიგაში ამ დროისთვის ბომბარდირთა დავაში 11 გოლით ლიდერია. 30 წლის ქართველს ჩემპიონატსა და გერმანიის თასზე ჩატარებულ 19 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი და 4-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.