ფეხბურთი

1:45 | 16.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძის ეფექტური გოლი "პარი სენ-ჟერმენთან", "ლიონი" მაინც დამარცხდა (+VIDEO)

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-15 ტურში „ლიონი“ „პარი სენ-ჟერმენთან“ დამარცხდა, თუმცა გიორგი მიქაუტაძემ გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ პსჟ-სთან მატჩში სწორედ ქართველი იყო ძირითად შემადგენლობაში და არა ალექსანდრ ლაკაზეტი. გიორგიმ მწვრთნელს ნდობა გაუმართლა.

პსჟ საწყის 14 წუთში უსმან დემბელეს და ვიტინიას გოლებით 2:0 დაწინაურდა და კომფორტული უპირატესობა მოიპოვა. მე-40 წუთზე კი, „ლიონმა“ სხვაობა შეამცირა. რაიან შერკის დიდებული პასის შემდეგ მიქაუტაძე მეკარესთან პირისპირ დარჩა და ჯანლუიჯი დონარუმას ბურთი ერთი შეხებით თავზე ძალიან მოხდენილად გადაავლო - 2:1.

აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდს იტალიელი მეკარის გაცხარება მოჰყვა და მიქაუტაძეს ფიზიკურადაც შეეხო. საბოლოოდ, მსაჯმა დონარუმაც გააფრთხილა და მიქაუტაძეც.

გიორგი ლაკაზეტმა 66-ე წუთზე შეცვალა, თუმცა „ლომებისთვის“ ეს შედეგიანი არ ყოფილა, პირიქით, გონსალო რამოშმა 88-ე წუთზე პარიზელების უპირატესობა გაზარდა და პსჟ-მ 3:1 გაიმარჯვა. სხვათა შორის, მატჩი ცოტა ხნით შეწყდა, პსჟ-ს ფანების მხრიდან მეტოქის მიმართ ჰომოფობიური შეძახილების გამო.

გიორგი მიქაუტაძეს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი და ერთხელ საგოლე პასით გამოირჩა. გარდა ამისა, ქართველმა ფორვარდმა ევროპა ლიგაზე 5 შეხვედრაში 2 გოლი მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ 20 მატჩში გიორგი მხოლოდ 7-ჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში და 6-ჯერ შეცვალეს, ხოლო დანარჩენი 13 მატჩი შეცვლიდან ითამაშა.

„ლიონი“ 15 ტურის შემდეგ 25 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 4 იანვარს, „მონპელიეს“ უმასპინძლებს, თუმცა მანამდე 21 დეკემბერს, საფრანგეთის თასზე ითამაშებს.

0.121658