„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დერბიში მარცხის (1:2) შემდეგ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესი ხდება და გამოსავალი უნდა იპოვოს:
„სამწუხაროდ, წელს ეს ხშირად ხდება. არც ისე კარგად ვითამაშეთ. ადრე ყველაფერი შეუფერხებლად მიდიოდა, ახლა კი, სხვადასხვა მიზეზის გამო პრობლემები გვაქვს. ყველაფერი გავაკეთეთ, თამაში თითქმის დასრულებული იყო, თუმცა ორი გოლი გავუშვით, ძალიან რთული იყო.
რა ვთქვა? ამა თუ იმ ფეხბურთელს ვერ დავაბრალებ, უბრალოდ, ეს ძალიან რთული სეზონია. არ ვართ საუკეთესო ფორმაში და გარკვეული პრობლემები გვაქვს. ბოლო ორი სეზონის განმავლობაში არ წაგვიგია ამდენი თამაში. უნდა ვიმოქმედოთ და ვეცადოთ გამოსავლის პოვნას, მატჩების მოგებას.
არ მგონია, ეს იყოს ყველაზე საშინელი მარცხი ბოლო 9 წლის განმავლობაში. ჩემპიონთა ლიგაზე დამარცხება უფრო რთულია, მაგრამ ახლა გვჭირდება კარგი შედეგები, რათა განწყობა ავიმაღლოთ. მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესდება, მწვრთნელი ვარ და გამოსავალი უნდა ვიპოვო. სიმართლე ისაა, რომ ჯერ ვერ ვიპოვე და კარგად არ ვარ“, - თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ სიტის“ ბოლო 11 თამაში ყველა ტურნირზე ასეთი შედეგით გამოირჩევა - 1 მოგება, 2 ფრე, 8 წაგება!
„მანჩესტერ სიტი“ 27 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში 21 დეკემბერს, „ასტონ ვილას“ ესტუმრება.