რაგბი

17:00 | 15.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ხარები 50:19 ყოჩები

რუსთავის ‘ხარებმა’ ბოლნისის ‘ყოჩებს’ ბონუს-ქულით, 50:19 სძლია და მოწინავე ექვსეულში ადგილი გაიმყარა.

crocobet დიდი 10-ის მე-11 ტურში “ხარები არენაზე” გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა სამის წილ 8 ლელო გაიტანეს, რომელთაგან სამი ფიჯელი ფრთა ანარე ტუიტაის ანგარიშზეა. ‘ხარებს’ 5 მოგებით (11 თამაშიდან) 25 ქულა მოუგროვდა, მე-6 ადგილზეა და ‘არმიას’ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება. ‘ყოჩებმა’ მე-9 თამაში დათმო, 10 ქულა დარჩა და კვლავ ბოლო, მე-10 პოზიციაზეა.

რუსთაველები პირველსავე წუთზე დაწინაურდნენ. მათ მაღალ ტემპში შეუტიეს, მარცხენა ფრთაზე უპირატესობა შექმნეს და ტუიტაიმ ანგარიში გახსნა. მე-18-ე წუთზე ‘ყოჩები’ თავის ნახევარზე შეცდა, ბურთი ლუკა წიკლაურმა მოიხელთა და კონტრშეტევაზე ლელო ძელებსშუა გაიტანა, სანდრო მარგიანმა კი გარდასახა.

ტაიმის შუაში მორაგბეები წაკინკლავდნენ და სულხან ჩიხლაძემ გოგა ქადარია (ხარები) და ლაშა საჯაია (ყოჩები) გაასინბინა. 34-ე წუთზე მასპინძლებმა კიდევ ერთხელ ააჩქარეს თამაში, მოედნის ცენტრში ხაზი გაჭრეს, წითელ ზოლში ბურთი მარცხენა ფრთაზე ჩაათამაშეს და ტუიტაიმ თავისი შანსი ამჯერადაც გამოიყენა. მარგიანმა გარდასახა. ტაიმის მიწურულს სტუმრებმა ერთი ლელო გაქვითეს, დერეფნიდან მოლი ააგორეს და გურამ გოგიძემ ჩამორჩენა 5 ქულით შეამცირა. ამას კიდევ ერთი წაკინკლავება მოყვა და სინბინით ამჯერად ლუკა კოხია (ხარები) და ჟორა მღებრიშვილი (ყოჩები) დაისაჯნენ, ტაიმი კი 19:5 დასრულდა.

მეორე ტაიმი 10 წუთის დაწყებული იყო როდესაც რატუ საინივალატიმ თავის ნახევარზე ფეხით გადაკიდებული ბურთი აიღო, ხაზი გაჭრა, ცრუმოძრაობებით რამდენიმე მბოჭავს გასცდა და 75-მეტრიანი ინდივიდუალური გარღვევა ლელოთი დაასრულა. თამაში რომ განახლდა რუსთაველებმა საკუთარ 22-ში შეცდომების სერია დაუშვეს და რანი ფხალაძის ლელო ლაშა მალაღურაძემ გარდასახა.

საათის თავზე მაღალი ბოჭვისთვის სინბინით გიორგი ნოდია დაისაჯა და ‘ხარებმა’ რიცხობრივი უპირატესობით მალევე ისარგებლა - მოლი ლუკა კოხიას ლელოთი და მარგიანის გარდასახვით დასრულდა, 67-ე წუთზე კი მორიგი მოლი ლელო უკვე ცოტნე ჭანტურიამ მიითვალა - 40:12.

მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო, თუმცა მაყურებელმა დასკვნით წუთებში კიდევ 3 ლელო იხილა. 72-ე წუთზე გურამ გოგიძემ ლელოდან 5 მეტრში ჯარიმა გაათამაშა, თავად შეუტია და სტუმართა მესამე ლელო გაიტანა, რაზეც ‘ხარებმა’ მაიკელი როკონდინონოს და ტუიტაის ლელოებით უპასუხა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 50:19. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ანარე ტუიტაი გახდა.

RUGBY.GE

0.119169