„იუვენტუსმა“ სერია A-ში ზედიზედ მეოთხე ფრე ითამაშა, სულ მე-10 (16 ტურში). ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერ სიტისთან“ მოგების შემდეგ ტიაგო მოტას გუნდმა სერია A-ში ბოლო ადგილზე მყოფ „ვენეციას“ ვერ აჯობა - 2:2. უფრო მეტიც, ანგარიში ბოლო წუთზე გაათანაბრა.
მატჩის შემდეგ იყო დაპირისპირება გულშემატკივრებსა და დუშან ვლაჰოვიჩს შორის, რაზეც მოტამ ისაუბრა და გუნდის კრიზისზეც გააკეთა კომენტარი:
„კარგად არ გვითამაშია და ეს შედეგშიც ჩანს. „ვენეციამ“ თავი კარგად დაიცვა, მაგრამ ჩვენ უკეთ უნდა გვეთამაშა. არ შეიძლება დღეს კმაყოფილები ვიყოთ არც შედეგით და არც თამაშის ხარისხით. ვიგებდით, უნდა გაგვეგრძელებინა თამაში და მეორე გოლი გაგვეტანა, რაც არ გავაკეთეთ.
„ლაიფციგთან“, „ინტერსა“ და „მანჩესტერ სიტისთან“ კარგი მატჩების შემდეგ „კალიარის“, „პარმას“ და „ვენეციას“ რატომ ვერ მოვუგეთ? ეს არის ჩვენი რეალობა, სრულიად განსხვავებული მატჩები იყო, ახსნა არ არსებობს. უნდა გავაუმჯობესოთ, კრიტიკა დამსახურებულია, რადგან ახლა არ ვართ იმ პოზიციაზე, რომელზეც ყოფნა გვინდა.
ვლაჰოვიჩის კამათი ფანებთან? პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ყველას გვინდა საუკეთესო „იუვენტუსისთვის“, ფეხბურთელები პირველები არიან, ვისაც მოგება სურთ. გულშემატკივრებს აქვთ ემოციების და გრძნობების გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ დუშანს პირველ რიგში სურს ამ სიტუაციის შეცვლა. ახლა მთავარია, რომ ერთიანები ვიყოთ, გუნდიც და ფანებიც, რადგან ყველას „იუვენტუსისთვის“ კარგი გვინდა“, - თქვა მოტამ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ში მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია, მხოლოდ მეექვსე ადგილზეა და ლიდერ „ატალანტას“ უკვე 9 ქულით ჩამორჩება, შესაბამისად, ჩემპიონობისთვის ალბათ ვეღარ იბრძოლებს.