პირველობის ლიდერმა ‘გორმა’ მე-10 გამარჯვება იზეიმა, 49 ქულა დააგროვა და მეორე პოზიციაზე მყოფ პატარძეულის ‘ვეფხვებს’ კვლავინდებურად 13 ქულით უსწრებს. აღსანიშნავია, რომ შიდა ქართლელებმა პრემიალური ქულის აღება მხოლოდ 1 შეხვედრაში ვერ მოახერხეს. მორიგ ტურში, ზამთრის არდადეგების წინ უდაოდ გამორჩეული ‘ვეფხვები’-‘გორის’ აღმოსავლური დერბი იქნება.
‘რუსთავმა’ და ‘წიქარამაც’ ბონუს-ქულით იმარჯვეს და შესაბამისად მოწინავე კვარტეტში მდგომარეობა უცვლელი დარჩა. 33 ქულით მესამე პოზიციაზე მყოფი ‘რუსთავი’ მდევარ ‘წიქარას’ კვლავ 1 ქულით აღემატება. მიჯრით მე-4 მოგებამ, 26 ქულის მქონე ‘დინოზავრი’ ცხრილში მე-5 ადგილზე აანაცვლა. იმერლებმა პლეი ოფის დასკვნით, მე-6 ადგილზე დაქვეითებულ ‘ლოკომოტივს’ 2 ქულით გადაასწრეს.
ბოლო ოთხეული საცხრილო ქულის გარეშე დარჩა და შესაბამისად ხსენებულ კვარტეტში სტატუს-კვო სრულად შენარჩუნდა. 18 ქულის მქონე ‘მათე’ მე-7 პოზიციაზე იმყოფება და მე-8 ადგილოსან ‘არწივებს’ 7 ქულით უსწრებს. გურულები თავის მხრივ ბოლოსწინა, პლეი აუტის ადგილზე მყოფ ‘ფოთს’ 2 ქულით აღემატებიან. ‘აკადემია’ კი 4 ქულით პირველობის აუტსაიდერად რჩება.
შიდა ქართლის დედაქალაქის ჭალის დასახლებაში, ‘გორმა’ ‘ფოთს’ უმასპინძლა და მატჩის დებიუტში ფრთა ნიკა ბითაძის ლელოთი დაწინაურდა. შემდგომში გორელთა კაპიტანმა, თანაგუნდელი მარბიელის საბა ჯღარკავას მსგავსად „დუბლი“ გაიფორმა. შიდა ქართლელებმა მთლიანობაში კოლხებზე 4-ით მეტი, 7 ლელო (უმეტესად ხელდახელ თამაშით) გაიტანეს. ‘გორის’ დამაჯერებელი გამარჯვება მარქაფადან ჩართული ჰავბეკის სერგი ყურაშვილის გატანილმა ლელომ დააფიქსირა - 43:21.
‘ლოკომოტივის’ ბაზაზე’, ქვეყნის 10-გზის ჩემპიონი ‘ლოკომოტივი’ პატარძეულის ‘ვეფხვებთან’ მარბიელი ლუკა გლუნჩიძის გარდასახული ლელოთი დაწინაურდა, რის შემდგომ შეხვედრა გარე კახელთა კარნახით წარიმართა. ‘ვეფხვების’ მარბიელ მიხეილ ჩაჩავას გარდასახული ლელოთი შესვენებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშზე წავიდნენ.
მეორე ტაიმის დებიუტში კი გარე კახელები შუამარბ ბექა სამსიანის გატანილი ლელოთი დაწინაურდნენ. დარჩენილ დროში დიმიტრი კიკნაძის შეგირდებმა „რკინიგზელებს“ კიდევ 2 უპასუხო ლელო დაუდეს. ‘ვეფხვების’ ფულბეკმა ლაშა გურგენიძემ 4-ივე გარდასახვა გამოიყენა, რასაც 3 გატანილი ჯარიმაც დაურთო. ‘ვეფხვების’ პრემიალური ქულით გამარჯვება კი მარბიელ ნიკა გოგლიძის გატანილმა ლელომ უზრუნველყო - 37:7.
უამინდობით დაზიანებული საკუთარი მოედნის საფარის გამო, ოზურგეთის ‘არწივები’ ‘რუსთავს’ ფოთის „პარკი არენაზე“ დაუხვდა. გურულებმა ტაიმნახევარი ფავორიტს ტოლი არ დაუდეს და საათის მიწურულს მხტომელ რობი ნერსეზაშვილის გატანილი ლელოთი ანგარიშში მინიმალური სხვაობით დაწინაურებაც მოახერხეს.
შეხვედრის დასკვნითმა ნაწილმა კი ქვემო ქართლელთა სრული უპირატესობით ჩაიარა. გიორგი ზაბახიძის ბიჭებმა მთლიანობაში მეტოქეზე 4-ით მეტი, 7 ლელო გაიტანეს. რუსთაველთა მარბიელმა კაპიტანმა ზვიად ღამბარაშვილმა „ჰეთ-თრიკი“ გაიფორმა, ხოლო ფავორიტის დამაჯერებელი გამარჯვება მარქაფადან ჩართული ფრთის ლაშა მოლაშვილის დადებულმა ლელომ დააფიქსირა - 43:20.
„რაგბი პლატოზე“, ‘აკადემია’-‘წიქარას’ პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით და დაძაბული ბრძოლაში წარიმართა. უხვქულიან ტაიმში აუტსაიდერმა ფავორიტს 1-ით მეტი, 4 ლელო დაუდო. „მხატვრები“ დებიუტში ბურჯ ზურა რიჟამაძის გარდასახული ლელოთი დაწინაურდნენ, ხოლო მღლეტელ ირაკლი გოჩოლეიშვილის გარდასახული ლელოთი კი შესვენებაზე 2 ქულიანი უპირატესობით წავიდნენ.
მეორე ტაიმში კი სრულად ‘წიქარა’ დომინირებდა. ბექა სხულუხიას ბიჭებმა მასპინძლებს 5 უპასუხო ლელო დაუდეს. ‘წიქარას’ ჰავბეკი გიორგი კურტანიძე შესრულებული „ჰეთ-თრიკით“ გამოირჩა. ფავორიტის დამაჯერებელი გამარჯვება ფრთა ლუკა ბურდულის გატანილმა ლელომ დააფიქსირა. ‘წიქარამ’ მატჩი დაგეგმილი პრემიალური ქულით მოიგო - 46:26.
„აია არენამ“, ‘დინოზავრი’-‘მათეს’ იმერულ დერბის უმასპინძლა. შეხვედრა წყალტუბოელთა სრული უპირატესობით წარიმართა. ზაზა ჩირგაძის გუნდის წარმატებას სათავე მარბიელმა ლიდერმა ბადრი დანგაძემ დაუდო, ვინაც შემდგომში „დუბლი“ შეასრულა. ჰავბეკ თემურ თუთბერიძის, მხტომელ ბებუნი კუხიანიძისა და შუამარბ დავით კვირიკაშვილის გატანილი ლელოებით ‘დინოზავრმა’ ანგარიშში სხვაობა 26 ქულამდე გაზარდა. ‘მათე’ ბოლომდე იბრძოდა და ბოლო წუთებზე ზემო იმერელთა ფიჯელმა მარბიელმა აპოროსა მატაკასამ პრესტიჟის ლელო გაიტანა. ‘დინოზავრმა’ მატჩი ბონუს-ქულით მოიგო - 29:10.
RUGBY.GE