ფეხბურთი

23:45 | 11.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: ოთარ კიტეიშვილის გოლი, კაშიას "სლოვანმა" პლეი-ოფის შანსი დაკარგა

ჩემპიონთა ლიგაზე ქართული გავიდა, რომლის ავტორი ოთარ კიტეიშვილია. „შტურმი“ სტუმრად „ლილთან“ დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა, ქართველი კი გამორჩეული იყო.

ფრანგებმა პირველი ტაიმის მიწურულს ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს, რასაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კიტეიშვილმა უპასუხა და სხვაობა შეამცირა. მეორე ტაიმის დასაწყისში ოთარმა დაიწყო შეტევა, რომელიც ბირეთმა გოლით დაასრულა და ავსტრიელებმა გაათანაბრეს, თუმცა, 81-ე წუთზე ჰარალდსონის გოლით მაინც „ლილმა“ მოიგო.

ოთარ კიტეიშვილი კახა კალაძის, გიორგი დემეტრაძის, მიხეილ აშვეთიას, ლევან კობიაშვილის და ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ მეექვსე ქართველი ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა (ძირითად ბადეში, ამაში არ შედის საკვალიფიკაციო ეტაპები).

კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში „შტურმის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 4-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა.

„შტურმი“ 3 ქულით 29-ე ადგილზეა, მომდენო ტურში კი, 21 იანვარს, სტუმრად „ატალანტას“ დაუპირისპირდება. „ლილს“ 13 ქულით მეექვსე ადგილი უკავია, მომდევნო შეხვედრას კი სტუმრად „ლივერპულთან“ ჩაატარებს.

ბრატისლავის „სლოვანმა“ ზედიზედ მეექვსე თამაში წააგო და პლეი-ოფში გასვლის შანსი დაკარგა.

სლოვაკეთის ჩემპიონი მადრიდში „ატლეტიკოს“ ესტუმრა და 1:3 დამარცხდა. პირველ ტაიმში ხულიან ალვარესმა და ანტუან გრიზმანმა გაიტანეს, მეორე ნახევრის სტარტზე დავიდ სტრელეცმა შეამცირა სხვაობა, მაგრამ მალევე გრიზმანმა დუბლი გაიფორმა, ორბურთიანი სტატუსკვო აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა.

„სლოვანმა“ ექვსივე თამაში წააგო, ქულა არ აქვს და ბოლო ადგილზეა, შესაბამისად, პლეი-ოფში გასვლის შანსი დაკარგა. ვლადიმირ ვაისის გუნდი მომდევნო ტურში 21 იანვარს, „შტუტგარტს“ უმასპინძლებს.

„ატლეტიკო“ 12 ქულით მე-10 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „ლევერკუზენს“ შინ დაუპირისპირდება.

„ატლეტიკო“ – „სლოვანი“ 3:1 (2:0)

გოლები: 1:0 ალვარესი (16), 2:0 გრიზმანი (42), 2:1 სტრელეცი (51, პენ), 3:1 გრიზმანი (57)

„ლილი“ – „შტურმი“ 3:2 (2:1)

გოლები: 1:0 საჰრუი (37), 2:0 ბაკერი (45), 2:1 კიტეიშვილი (45), 2:2 ბირეტი (47), 3:2 ჰარალდსონი (81)

0.140832