ფეხბურთი

20:20 | 12.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლენონი “ბოლტონში” იმუშავებს

გლაზგოს “სელტიკის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ნილ ლენონი კარიერას “ბოლტონში” გააგრძელებს. ინგლისური კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, კლუბი მოხარულია ჩრდილოირლანდიელი მწვრთნელის გუნდში მისვლით და იმედოვნებს, ლენონის გამოცდილება პრემიერლიგაში დაბრუნების ერთ-ერთი წინაპირობა იქნება.

თავად ლენონის კომენტარი არ გამოქვეყნებულა, მწვრთნელის ოფიციალური წარდგენა კი, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში მოხდება.

“ბოლტონის” ახლადდანიშნული მწვრთნელის საფეხბურთო კარიერა 1986 წელს დაიწყო. ლენონის, როგორც მოთამაშის, ასევე მწვრთნელის კარიერაში განსაკუთრებული პერიოდები გლაზგოს “სელტიკს” უკავშირდება. 2000 წელს “ლესტერიდან” შოტლანდიის პრემიერლიგაში გადავიდა და “სელტიკის” მაისური 7 წლის განმავლობაში 300-მდე შეხვედრაში მოირგო.

ლენონი “სელტიკის” ძირითად გუნდს 2010 წელს მთავარი მწვრთნელის ამპლუაში დაუბრუნდა, მანამდე კი გლაზგოელთა სარეზერვო გუნდს ხელმძღვანელობდა. ლენონის სამწვრთნელო კარიერაში გამორჩეულ შეხვედრად 2012 წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “სელტიკის” მიერ კატალონიის “ბარსელონას” დამარცხება ითვლება (2:1).

მწვრთნელი ლენონი “სელტიკთან” ერთად სამჯერ გახდა შოტლანდიის ჩემპიონი, ხოლო ორჯერ შოტლანდიის თასს დაეუფლა.

0.122467