ფეხბურთი

17:40 | 10.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია და შეიძლება წელს ვეღარ ითამაშოს

„ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია და შესაძლოა, მიმდინარე წელს ვეღარ ითამაშოს.

იტალიური კლუბის ვებგვერდი იტყობინება, რომ ქართველმა ფეხბურთელმა „ლაციოსთან“ მატჩში მუხლის დაზიანება მიიღო, რის გამოც სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც ტრავმა დაადასტურა. ხვიჩამ უკვე დაიწყო სარეაბილიტაციო პროცესის გავლა.

ჯერჯერობით, უცნობია ზუსტად რა პერიოდით მოუწევს 23 წლის ქართველ შემტევს უქმობა.

იტალიური მედია წერს, რომ კვარაცხელიასთვის დიდი ალბათობით, 2024 წელი დასრულდა. ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი მონაცემებით „უდინეზეს" და „ჯენოას“ წინააღმდეგ კვარას თამაში გამორიცხულია, 29 დეკემბერს, "ვენეციასთან" დაბრუნების იმედი ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ მოედანზე მისი დაბრუნება უფრო რეალურად 2025 წლის დასაწყისშია მოსალოდნელი - 4 იანვარს „ფიორენტინასთან“ ან 12 იანვარს „ვერონასთან“ მატჩში. ფაქტი ისაა, რომ უახლოეს მატჩებს გამოტოვებს და სიტუაციას ექიმები დღითიდღე დააკვირდებიან.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.

0.125215