„ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერი მიუნხენურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა.
Kicker-ის ცნობით, 38 წლის მეკარე ახალ ხელშეკრულებას 2026 წლამდე გააფორმებს. აღსანიშნავია, რომ მხარეები მხოლოდ მცირე დეტალებზე უნდა შეთანხმდნენ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ნოიერი გერმანიის თასის მერვედფინალში ლევერკუზენის „ბაიერთან“ მატჩში (0:1) მიღებული ნეკნის მოტეხილობის გამო წლის ბოლომდე არ ითამაშებს.
ნოიერი „ბაიერნში“ 2011 წლიდან ირჯება. ამ პერიოდში მან ყველა ტურნირზე 540 მატჩში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 256-ში კარის დაცვა „მშრალად“ მოახერხა. ფეხბურთელის ამჟამინდელი შრომითი ხელშეკრულება კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.