მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ბერგამოს „ატალანტასთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ ისაუბრა. როგორც მან თქვა, რთულ თამაშს ელოდება, რადგან „ატალანტა“ ძალიან მაგარ ფორმაშია.
„გუნდში უკეთესი სიტუაციაა, რთული მომენტიდან გამოვდივართ, ნელ-ნელა ფეხბურთელები გვიბრუნდებიან. საუკეთესო ფორმაში არ ვართ, მაგრამ კარგი მდგომარეობაა. „ლივერპულსა“ და „ბილბაოსთან“ წავაგეთ, ძალიან რთული მატჩები იყო, თუმცა, ისიც სიმართლეა, რომ გუნდმა დაცვაში მეტი სიმყარე გამოავლინა.
„ატალანტა“ კარგა ხანია შესანიშნავად თამაშობს, ახლაც ძალიან სახიფათო გუნდია, თანაც ძალიან კარგ ფორმაშია, რთული მატჩი იქნება, გასპერინის გუნდი შესანიშნავია და დიდი ენთუზიაზმიც იგრძნობა, რადგან ზედიზედ ბევრი მატჩი მოიგეს, მაგრამ მეორე მხარეს მადრიდის „რეალია“.
ბელინგემი კარგადაა, ვინისიუსი უკეთ, მაგრამ ვნახოთ ითამაშებს თუ არა, ისევე, როგორც როდრიგო. გუნდი გასულ სეზონთან ძალიან შეიცვალა, ფეხბურთელები დავკარგეთ, ახალი მოთამაშეები მოვიდნენ, ტრავმების გამო ძალიან დავზარალდით, კარვახალმა და მილიტაომ სერიოზული დაზიანებები მიიღეს, ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები გამოგვაკლდნენ“, - თქვა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალს“ ჩემპიონთა ლიგაზე ხუთი ტურის შემდეგ მხოლოდ 6 ქულა აქვს და სამი მატჩი წააგო - „ლილთან“, „მილანსა“ და „ლივერპულთან“.