რაგბი

21:20 | 9.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ‘აია’ გალიდერდა

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფმა ლიდერი იცვალა. 9 ტურის თავს სატურნირო ცხრილს სათავეში ქუთაისის ‘აია’ ჩაუდგა. რიონისპირელებმა 37 ქულას მოუყარეს თავი და ყოფილ ლიდერ ‘ლელოს’ 1 ქულით გადაასწრეს. ‘ხვამლი’ 31 ქულით მესამე პოზიციას მყარად ინარჩუნებს და მოწინავე კვარტეტში ანაცვლებულ ‘არმიას’ 12 ქულით უსწრებს. მე-5 ადგილზე დაქვეითებული რუსთავის ‘ხარები’ „არმიელებს“ 1 ქულით ჩამორჩა.

ბოლნისის ‘ყოჩები’ 15 ქულით პლეი ოფის ზონას, მე-6 ადგილს დაუბრუნდა. ‘ლოკომოტივი’ 11 ქულით ცხრილის ბოლოსწინა, მე-7 პოზიციაზე დაქვეითდა. ‘ბათუმი’ კი 6 ქულით პირველობის აუტსაიდერად რჩება.

მე-9 ტურის გამორჩეული შეხვედრა „ხვამლი არენაზე“ გაიმართა, სადაც დედაქალაქურ დერბიში ერთმანეთს ‘ხვამლი’ და ‘ლელო’ დაუპირისპირდა. შეხვედრა უაღრესად დაძაბული, თვალსასეირო და უხვქულიანი გამოდგა. ორივე გუნდი აქცენტს სწრაფ, ხელდახელ თამაშზე აკეთებდა და წარმატების მიღწევას უპირატესად შეტევებით ცდილობდა.

პირველმა ნახევარმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა. ჩემპიონი 2 გაურდაუსახავი ლელოთი დაწინაურდა, რასაც ‘ხვამლის’ ბურჯ საბა კილაძის გარდასახული ლელო მოჰყვა. მართალია, ზურა ხორბალაძის ბიჭებმა შესვენებამდე კიდევ 2 ლელოს გატანა მოახერხეს, თუმცა გაცუდებულმა გარდასახვებმა ჩემპიონს მხოლოდ 1 ქულიანი უპირატესობა არგუნა.

მეორე ტაიმის დიდი ნაწილი კი მუხიანელთა უპირატესობით წარიმართა. მოლის ჩაქცევისთვის დანიშნულ საჯარიმო ლელოს, მხტომელ იაკობ მამუკაშვილის, ბურჯ ომარ ძამაშვილისა და ფრთა გიგა ყიფშიძის გატანილი ლელოები დაერთო, რამაც მასპინძლებს 26 ქულით დაწინაურების შესაძლებლობა მისცა. მატჩის დასკვნითმა ნაწილმა ‘ლელოს’ იერიშებში ჩაიარა, თუმცა მარქაფადან ჩართული კვაჭის დავით ხიზანიშვილის შესრულებული „დუბლით“ ჩემპიონმა სხვაობა მხოლოდ 14 ქულამდე შეამცირა. ‘ხვამლმა’ მატჩი 46:32 მოიგო. ‘ლელოს’ კი სეზონში მეორე მარცხი ლიდერის პოზიციის დათმობის ფასად დაუჯდა.

‘ხარები არენაზე“, ‘ხარები’ ვიცე-ჩემპიონ ‘აიას’ დაუხვდა. მატჩის დებიუტში ‘აიას’ ჰავბეკ თემურ ძოძუაშვილის გატანილ ჯარიმას, მასპინძელთა ფულბეკმა შოთა მაზმიშვილმა ზუსტად შესრულებული ჯარიმით უპასუხა, რის შემდგომ რიონისპირელთა უპირატესობა მეთოდურად გამოიკვეთა.

‘აიას’ ფრთა ლაშა ლაღაძემ ქვემო ქართლელებს მიჯრით წყვილი ლელო დაუდო. ზურა ზვიადაძის გუნდმა უპირატესობა მარქაფადან ჩართული მგეზავის გოგა უშვერიძისა და შუამარბ ლუკა ჯიშკარიანის გატანილი ლელოებით გაიმყარა. თემურ ძოძუაშვილმა 3 გარდასახვა გამოიყენა და 2 ჯარიმაც რთული პოზიციიდან გაიტანა. ‘ხარები’ ბოლომდე იბრძოდა და მატჩის ბოლო წუთებზე მარბიელმა ლუკა გოჩაძემ პრესტიჟის ლელოს დადება მოახერხა. ‘აიამ’ შეხვედრა პრემიალური ქულით მოიგო - 32:8.

კიდევ ერთი თბილისური დერბი, ‘არმია’-‘ლოკომოტივი’ კი „რკინიგზელთა“ ბაზაზე გაიმართა. პირველი ტაიმის მიწურულამდე ‘არმია’ უპირატესობას ფლობდა, რაც თენგო ჯინაშვილის შეგირდებმა 2 გარდასახულ ლელოში ასახეს. „არმიელები“ უპირატესად ხელით კარგი და გააზრებული თამაშით გამოირჩნენ. მატჩის ნომინალური მასპინძელი ფრთა დათო არობელიძის დადებული ლელოთი დაწინაურდა, რასაც ჰავბეკი კაპიტნის გიორგი მიშელაძის გატანილი ლელო მოჰყვა. მიშელაძემ ორივე გარდასახვა გამოიყენა.

‘ლოკომოტივი’ გააქტიურდა და შუამარბ ლეონიდე სალდაძის გარდაუსახავი ლელოთი შესვენების წინ ანგარიშში ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირა. მეორე ტაიმში „რკინიგზელები“ აქცენტს ჩვეულ სტატიკაზე აკეთებდნენ და მგეზავ ლუკა დემურაშვილის გატანილი წყვილი ჯარიმით ანგარიშში სხვაობა 3 ქულამდე შეამცირეს. მატჩის ბოლო წუთებმა ორმხრივ იერიშებში ჩაიარა, სადაც ხეირს ‘არმია’ გამორჩა. „არმიელთა ფულბეკ რაულ ჩორგოლაშვილის გატანილმა ჯარიმამ „რკინიგზელები“ ნუგეშ-ქულას დააჯერა. ‘არმიამ’ მატჩი 17:11 მოიგო.

„რაგბი პლატომ“, ‘ბოლნისის ‘ყოჩებისა’ და ‘ბათუმის’ შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრა ქვემო ქართლელთა იერიშებით დაიწყო და მხტომელ რეზი მათიაშვილის წყვილი გატანილი ლელოთი ანგარიშში უპირატესობა ტაიმის შუაწელს მოიპოვა. აჭარლებმა საკუთრივ, მხტომელ ვასილ ქილიფთარისა და ბურჯ ლუკა მემეშიშის გარდასახული ლელოებით ანგარიშში სხვაობის შემცირება 2-გზის მოახერხეს. მატჩის დასკვნით ნაწილში უპირატესობას კვლავ მამუკა ტყეშელაშვილის შეგირდები ფლობდნენ. შუამარბ საბა რეხვიაშვილის შესრულებულმა „დუბლმა“ ‘ყოჩებს’ მატჩი პრემიალური ქულით მოაგებინა - 33:14.

RUGBY.GE

0.124781