რაგბი

17:05 | 9.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

შავი ლომი | საერთაშორისო პრესის გამოხმაურება ისტორიულ გამარჯვებაზე - მცირე შოკი და გმირი მატკავა

‘შავი ლომის’ მიერ ჩელენჯ თასის პირველ ტურში მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებას საერთაშორისო პრესა ეხმაურება.

“ეს იყო მცირე შოკი, რადგან ქართულმა ‘შავმა ლომმა’ პირველად მოახერხა ტოპ 14-ის გუნდის, კერძოდ კი ‘ვანის’ დამარცხება (22:19). მატჩის გმირი ლუკა მატკავა გახდა, რომელმაც გუნდს კარში დარტყმებით 17 ქულა შესძინა, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა”.

“ეს იყო ქართველების მეორე გამარჯვება ჩელენჯ თასზე. ისინი ტურნირში შარშან ჩაერთვნენ, პირველივე სეზონში ‘სქარლეთსი’ დაამარცხეს და ახალი სეზონი შთამბეჭდავად დაიწყეს” - წერს rugbypass-ი.

“მატჩის გმირმა, “შავი ლომის” კაპიტანმა ლუკა მატკავამ 17 ქულა მოაგროვა და საკუთარ გუნდს ჩელენჯ ქაფის პირველ მატჩში ფრანგულ ‘ვანთან’ 22:19 მოაგებინა. ეს იმას ნიშნავს, რომ ‘შავი ლომი’ მესამე ჯგუფს ‘გლოსთერთან’ და ‘ბაიონასთან’ ერთად 4 ქულით ლიდერობს” - აღნიშნავს rugby365.

ფრანგული Le Telegramme აქცენტს სტუმარი გუნდის კარგ თამაშზე აკეთებს:

“დამაჯერებელი თამაშის მიუხედავად, ‘ვანი’ ჩელენჯ თასის სადებიუტო მატჩში თბილისში ‘შავ ლომთან’ 3 ქულის სხვაობით დამარცხდა. სტუმრებს სერიოზული შეცდომა არ დაუშვიათ, მაგრამ სულ რამდენჯერმე შეძლეს სახიფათო გარღვევის განხორციელება და მეტოქე მისსავე 22-ში თითქმის არ შეუწუხებიათ, თუ არ ჩავთვლით პირველ ტაიმში გატანილ ლელოს. ‘ვანმა’ ჩელენჯ თასზე სადებიუტო შეხვედრა მცირე სხვაობით დათმო და შესაძლოა, ბრეტონული კლუბისთვის ეს ტურნირი პრიორიტეტი არ არის, თუმცა მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს გული ძალიან დაწყდათ, რადგან ისინი თბილისში ტურისტებად არ ჩასულან”.

Breizh-info-ს კორესპონდენტი თავად იმყოფებოდა “მიხეილ მესხზე” და მკითხველს საკუთარი ემოციები გაუზიარა:

“ბრეტონულ კლუბს ჩელენჯ თასზე სადებიუტო შეხვედრა მრისხანე ქართული გუნდის, ‘შავი ლომის’ წინააღმდეგ საქართველოს დედაქალაქ თბილისში ჰქონდა. დასავლურ პრესაში ვარაუდობდნენ, რომ ქვეყანაში არსებული ვითარების გამო, ‘ვანის’ ვიზიტი დაძაბულ ვითარებაში ჩაივლიდა, თუმცა ასე არ მოხდა”.

“ასეთი პროგნოზის ფონზე გუნდს შორეულ მოგზაურობაში მცირე რაოდენიბით ქომაგი მაინც გაყვა და მათ ძალიან გაუმართლათ, რადგან თვითმფრინავში გუნდის წევრებთან ერთად აღმოჩნდნენ. ‘ვანმა’ თამაში კარგად დაიწყო, ბურთს აკონტროლებდა და ლელოც გაიტანა, მაგრამ ქართველები პოზიციებს ინარჩუნებდნენ და გასახდელში 6-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ (13:7)”.

“მეორე ტაიმში ‘ვანი’ ვაჟკაცურად, თუმცა ფაქტობრივად უშედეგოდ უტევდა, რადგან ქართველთა რკინისებურ დაცვას წააწყდა, პერიოდულად უდისციპლინოდ (რასაც 4 გატანილი ჯარიმა მოყვა). სტუმრები დაცვაში თავადაც უდისციპლინოდ ირჯებოდნენ და 3 ჯარიმა მიიღეს, მათგან ბოლო მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, რამაც გამარჯვება ‘შავ ლომს’ არგუნა”.

შეგახსენებთ, ‘შავი ლომი’ ჩელენჯ თასის მეორე შეხვედრას 15 დეკემბერს უელსში, ‘სქარლეთსთან’ გამართავს, რომელიც პირველ ტურში ‘ბაიონასთან’ დამარცხდა (15:16). თამაში საქართველოს დროით 17 საათზე დაიწყება.

RUGBY.GE

თეგებიშავი ლომი
0.113489