საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელს, კილიან მბაპეს ფრანგულ ტელევიზიასთან CANAL+-თან ინტერვიუ ჰქონდა, სადაც ფეხბურთელი მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე, სამომავლო გეგმებზე და საფრანგეთის ნაკრებზე საუბრობს.
მბაპეს განცხადებით, ხალხი ფეხბურთელებს რობოტებად თვლიან და მათგან ყოველთვის ერთ დონეზე თამაშს ითხოვენ.
ჟურნალისტი კილიანს მის ამჟამინდელ ფორმაზე და სამომავლო გეგმებზე ეკითხება.
„ხალხი ფეხბურთელებს რობოტებად გვთვლიან და ჩვენგან ყოველთვის ერთ დონეზე თამაშს ითხოვენ, თუმცა ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ ჩვენი სისუსტეებით, ჩვენი შიშებით და ჩვენი ყველა სიძლიერით.ახალ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ვიცი უკეთესი დღეები წინ მელის. მინდა მადრიდის რეალთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოვიგო, ამ კლუბში როგორც მეფე ისე მიმიღეს და მზად ვარ მათთვის ყველაფერი გავიღო.“
კილიან მბაპეს ჟურნალისტმა ასევე საფრანგეთის ნაკრებში არ გამოძახებაზეც ჰკითხა.
„სექტემბრის სანაკრებო თამაშებზე თავად ვთხოვე მწვრთნელს დასვენება, რადგან 100 %-ით მზად არ ვიყავი, თუმცა ნოემბრის პაუზის დროს ნაკრებში თამაში მსურდა. არ ვიცი რატომ არ დამირეკა დეშამმა, ამაზე კითხვა მას უნდა დაუსვათ. გულშემატკივარი ყოველთვის მაკრიტიკებს, თითქოს მე რეალზე უფრო მეტს ვფიქრობ, რაც სიმართლე არაა. ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ საფრანგეთისთვის და ეს ასე იქნება მუდამ.“ - განაცხადა მბაპემ.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე მადრიდის „რეალს“ 2024 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, მან ყველა ტურნირზე „სამეფო კლუბის“ მაისური 21 შეხვედრაში მოირგო და მის ანგარიშზე 11 გოლთან ერთად 2 საგოლე გადაცემაა.