“ა” ლიგაში მოსახვედრად ბრძოლა დაიწყო. აღნიშნული ტურნირი იანვარში იწყება და მასში 4 ადგილი დაკავებულია. “ა” ლიგაში მომავალ სეზონში “რუსთავი 1991”, “სოხუმი საქართველო”, “ვერა” და “თელავი” იასპარეზებენ, 2 ადგილის მფლობელი კი ტურნირის დაწყებამდე გამოვლინდება. ერთი გუნდი სტუდენტური ლიგის ჩემპიონი იქნება, ხოლო მეორე დღეს დაწყებული საკვალიფიკაციო მინი-ტურნირის გამარჯვებული.
“ა” ლიგაში წინა სეზონში მოასპარეზე და მე-5 ადგილზე გასული “ასტრალი” ლიგაში დასარჩენად “მთიელსა” და კასპის “გრიფინს” შორის გამარჯვებულს შეხვდება. ეს მოგვიანებით მოხდება, მანამდე კი ერთმანეთში ურთიერთობას “გრიფინი” და “მთიელი” ორმატჩიან რაუნდში გაარკვევენ. დღეს ამ დაპირისპირების პირველი მატჩი გაიმართა, რომელიც კასპის გუნდის 13-ქულიანი გამარჯვებით – 96:83 (სტატისტიკა) დასრულდა. ეს იმას ნიშნავს, რომ “გრიფინს” 13-ქულიანი ჰანდიკაპი აქვს და ამ უპირატესობას მეორე მატჩში შეინარჩუნებს, “მთიელს” საბოლოოდ დაამარცხებს და “ასტრალს” შეერკინება.
რაც შეეხება შეხვედრას, ის თბილისი არენაზე გაიმართა და როგორც ანგარიშიდან ჩანს, კასპის გუნდის უპირატესობით წარიმართა. “მთიელი” მხოლოდ პირველ წუთზე იგებდა, როცა მატჩის პირველი ბურთი ჩააგდო, შემდეგ კი კასპელებმა უპირატესობა მოიპოვეს და თამაშის განმავლობაში ხან 20 ქულით იგებდნენ, ხან 15-ით, რამდენჯერმე სხვაობა 10 ქულას ჩამოსცდა.
ორივე გუნდის გამწევი ძალა ლეგიონერები იყვნენ, თუმცა გრიფინმა იმიტომაც იმარჯვა, რომ უცხოელებს ადგილობრივებმაც შეაშველეს ხელი. კასპის გუნდში გიორგი რუხაძემ 13 ქულა ჩააგდო, აკაკი ლომოურმა – 9, ხოლო 3 ლეგიონერის ანგარიშზე ჯამში 67 ქულა დაგროვდა. ზებედი გრეჰემმა 25, მონტეს მატისმა 24, ხოლო ელაია ბიუქენენმა 18 ქულა მიითვალეს. “მთიელის” შემადგენლობაში 27 ქულით უილიამ ელისი გამოირჩა. 9 ქულა ანდრე უოლკერმა, , ხოლო 11 – მამუკა ბაზუაშვილმა მოაგროვეს.
საპასუხო მატჩი კვლავ თბილისი არენაზე, 15 დეკემბერს გაიმართება.
GBF.GE