მიუნხენის „ბაიერნში“ 5-ნომრიანი მაისურით ამიერიდან ვერავინ ითამაშებს. ეს გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელობამ ფრანც ბეკენბაუერის ხსოვნის პატივსაცემად მიიღო.
„კაიზერის“ გარდაცვალებიდან 11 თვის შემდეგ „რეკორდმაისტერში“ გადაწყვიტეს, რომ 5-ნომრიანი მაისური აღარ გამოიყენონ.
„ძვირფასო ფრანც, შენ აქციე ეს კლუბი ისეთად, როგორიც დღესაა, უნიკალური სტილით და ღრმა ადამიანურობით, როგორც მოთამაშემ, მწვრთნელმა, პრეზიდენტმა და თანაგუნდელმა. შენ მიეცი „ბაიერნს“ ქარიზმა, რომელიც დღესაც აქვს. ხელშეუხებელი დარჩები, სამუდამოდ იქნები ჩვენი კაიზერი“, - თქვა „ბაიერნის“ პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰაინერმა კლუბის ხელმძღვანელთა ასამბლეაზე.
შეგახსენებთ, რომ ფრანც ბეკენბაუერი „ბაიერნში“ 1963-1977 წლებში თამაშობდა და 584 მატჩში 75 გოლი გაიტანა.