საქართველოს ეროვნულ ლიგაში ბოლო, 36-ე ტურის ოთხი მატჩი გაიმართა.
ფოთის „კოლხეთმა“ სტუმრად გორის „დილა“ 2:1 დაამარცხა გიორგი ახალაძის და კირილ კლიმოვის გოლებით, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის მერე აგებდა და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.
„კოლხეთმა“ სეზონი 41 ქულით მეექვსე ადგილზე დაასრულა, ხოლო „დილამ“ ამ წაგებით მეორე ადგილი დაკარგა და საბოლოოდ, 68 ქულით მესამე საფეხურზე გავიდა.
მეორე პოზიცია დაიკავა ქუთაისის „ტორპედომ“, რომელმაც შინ 1:0 აჯობა ბიორნ იონსენის გოლით „თელავს“ და სეზონი 70 ქულით დაასრულა. „თელავი“ 34 ქულით მეცხრე ადგილზე გავიდა და დასარჩენად ბრძოლა ეროვნული ლიგა 2-ის მეორე ადგილოსანთან, „რუსთავთან“ ორმატჩიან პლეი-ოფში მოუწევს.
ეროვნული ლიგიდან „სამტრედია“ გავარდა, რაც წინა ტურში გაოფიციალურდა, ამჯერად კი, შინ „დინამო ბათუმთან“ 0:1 დამარცხდა. „სამტრედია“ 27 ქულით ბოლო ადგილზე გავიდა, ხოლო „დინამო ბათუმმა“ 55 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა.
სეზონი წაგებით დაასრულა „დინამო თბილისმა“, რომელიც ამჯერად შინ „გაგრასთან“ 0:1 დამარცხდა. „დინამოს“ კატასტროფული სეზონი ჰქონდა, 39 ქულით მეშვიდე ადგილზე გავიდა და ერთადერთი ქულით გაასწრო პლეი-აუტის ზონას... „გაგრამ“ 38 ქულით მერვე ადგილი დაიკავა და ლიგაში დასარჩენად ორმატჩიან პლეი-ოფში ეროვნული ლიგის მესამეადგილოსანს, „სიონს“ შეხვდება.
საქართველოს ჩემპიონი „იბერია“ გახდა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, კონფერენს ლიგაზე ითამაშებენ „ტორპედო“, „დილა“ და საქართველოს თასის გამარჯვებული, ეროვნული ლიგა 2-ის წევრი „სპაერი“.
„დილა“ – „კოლხეთი“ 1:2 (1:0)
გოლები: 1:0 ვაუტერი (13), 1:1 ახალაძე (59), 1:2 კლიმოვი (68)
„დინამო თბილისი“ – „გაგრა“ 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 ხარებაშვილი (62)
„სამტრედია“ – „დინამო ბათუმი“ 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 ინჯგია (64)
„ტორპედო“ – „თელავი“ 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 იონსენი (34)