ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში გიორგი შერმადინის “ლაგუნა ტენერიფემ” “ლეიდას” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 91:88 დაამარცხა. გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო ქართველმა ცენტრმა, რომელიც მარსელინიო ჰუერტასის შემდეგ ტენერიფელთაგან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 14:30 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 3 ორქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. შერმინატორის ანგარიშზე 13 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი დაგროვდა. მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 21 შეადგინა, რაც ტენერიფელთა შორის მხოლოდ ჰუერტასის მაჩვენებელზე ნაკლები აღმოჩნდა. ბრაზილიელმა გამთამაშებელმა 22 ქულა, 11 პასი და 4 მოხსნა მოაგროვა.
7 მოგებითა და 2 მარცხით ტენერიფე ცხრილში მე-3 ადგილზეა. შემდეგ მატჩს ტენერიფე 15 დეკემბერს, სტუმრად, ხუვენტუდთან გამართავს.