‘შავმა ლომმა’ ჩელენჯ თასის ახალი სეზონი ისტორიული გამარჯვებით გახსნა. პირველად ისტორიაში, რიჩარდ ქოქრილის შეგირდებმა საფრანგეთის ტოპ 14-ის გუნდი დაამარცხეს - ‘ვანს’ დაძაბულ ბრძოლაში 22:19 სძლიეს.
ქართული ფრენჩაიზი მეორე წელია ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის (EPCR) ტურნირს თამაშობს და პირველი გამარჯვება შარშან უელსში, ‘სქარლეთსთან’ მოიპოვა. შარშან ‘შავი ლომი’ ორ ფრანგულ კლუბსაც შეხვდა (‘კასტრს’ და ‘კლერმონს’) და მართალია მაშინ გამარჯვებას ვერ მიაღწია, მაგრამ ის საჭირო გამოცდილება შეიძინა, რამაც წელს გამარჯვებამდე მიიყვანა.
ჩელენჯ თასის ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქართული გუნდები რეგულარულად თამაშობნენ მაღალი დონის ტურნირებს. ‘შავმა ლომმა’ ბოლოს დაახლოებით ორი თვის წინ ითამაშა და უპრობლემოდ, ზედიზედ მეოთხედ მოიგო რაგბი ევროპის სუპერ თასი, თუმცა მისთვის არცერთ გუნდს არ შეუქმნია ისეთი წნეხი, როგორიც დღეს ტოპ 14-ის ‘ვანმა’.
ფრანგები ფლობდნენ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას, თუმცა მასპინძლებმა მას ხისტი და აგრესიული დაცვა დაახვედრეს, რამაც მეტოქე აიძულა შესვენების შემდეგ ქულები კარში დარტყმებითაც მოეგროვებინა. მაგრამ ‘შავი ლომი’ დღეს მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის იყო გასული, არაფერი დათმო და კარგი დაცვის პარალელურად, შეტევაშიც მოახერხა შანსების გამოყენება და საჭირო ქულების მოგროვება.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლუკა მატკავა გახდა, რომელმაც დაცვასა თუ შეტევაში სხვა დანარჩენ სიკეთეებთან ერთად, კარში 100%-იანი მაჩვენებლით ურტყა და გუნდს 17 ქულა შესძინა. ფრანგებს ერთი ლელო აკაკი ტაბუცაძემ გაუტანა, რითაც ‘შავი ლომის’ კვართით გატანილი ლელოების რაოდენობა 23-მდე გაზარდა.
თამაში ფრანგების შეტევებით დაიწყო, თუმცა გაუვალ დაცვას წააწყდა და შეცდომები დაუშვა. მასპინძლებმა ბურთი რომ მოიპოვეს და მეტოქის 22-ში შევიდნენ მოლი ააგორეს, რასაც ჯარიმა და მატკავას პირველი ზუსტი დარტყმა მოყვა. ტაიმის შუაში ‘ვანმა’ შეძლო უპირატესობით სარგებლობა, ლელოდან 5 მეტრში ცრუ-მოლი დააყენა, ბურთით კი ჰავბეკმა სტეფან ვარნიმ შეუტია და მისი ლელო ტიბო დებასმა გარდასახა.
თამაში რომ განახლდა მეტოქეს რაქში ავართვით ბურთი და სწრაფი კონტრშეტევის შანსი გაჩნდა, მაგრამ თენგიზ პერანიძის გრძელი გადაცემა მეტოქემ ჩაჭრა. 29-ე წუთზე მატკავამ კარის წინ 40 მეტრში მეორე შანსი მიიღო, დარტყმა უნაკლოდ შეასრულა და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. ტაიმის მიწურულს მატკავამ ცენტრში გაჭრა ხაზი, ცრუმოძრაობებით რამდენიმე მცველს გასცდა და გრძელი გადაცემით ფრთაზე სანდრო თოდუა მოძებნა, მაგრამ ის ლელოდან 8-10 მეტრში აუტში გადაიყვანეს.
სამაგიეროდ ფრანგები დერეფანში შეცდნენ, 5-მეტრიანი დერეფნიდან ‘შავმა ლომმა’ მოლით შეუტია, ‘ვანმა’ მისი და ფორვარდების რამდენიმე დარტყმის მოგერიება მოახერხა, თუმცა მერე ბურთი მარჯვენა ფრთაზე ჩათამაშდა და ლუკა ცირეკიძის პასის შემდეგ ტაბუცაძე ლელოში მაღალ სისწაფეში შეიჭრა, მატკავამ კი გარდასახვით ტაიმის შედეგი დააფიქსირა - 13:7.
შესვენების შემდეგ სტუმრებმა ტაქტიკა შეცვალეს და ჯარიმების კარში დარტყმა დაიწყეს. საწყის 10 წუთში მათ ორჯერ მოიპოვეს ჯარიმა ხელსაყრელ პოზიციაში და ანგარიში გაათანაბრეს. მატკავამ ლიდერობა კიდევ ორჯერ დაგვიბრუნა, 54-ე და 66-ე წუთებზე რთული პოზიციებიდან დარტყმები ზუსტად შეასრულა, მაგრამ მეტოქემ ორივეჯერ შეძლო სწრაფი პასუხის გაცემა.
75-ე წუთზე მატკავამ თავისი მეხუთე ჯარიმა გაიტანა და დასკვნით წუთებში ‘ვანმა’ მოსაგებად შემოგვიტია. მათ ჯარიმით წონასწორობის აღდგენა აღარ ისურვეს და წითელ ზონაში ფორვარდებით მოგვეძალნენ, მაგრამ ხისტმა დაცვამ მათ წინსვლის შესაძლებლობა არ მისცა, მერე გიორგი სინაურიძემ რაქში ბურთი მოიპოვა და ‘შავმა ლომმა’ ფრანგულ კლუბთან პირველი, ისტორიული გამარჯვება გაიფორმა - 22:19.
ჩელენჯ თასის მეორე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი 15 დეკემბერს, ჩვენი დროით 17 საათზე უელსში, ‘სქარლეთსთან’ გამართავს, რომელსაც დღეს ‘ბაიონამ’ 17:16 მოუგო. ამავე ჯგუფში ინგლისურმა ‘გლოსთერმა’ ‘ედინბურგს’ 15:10 სძლია.
2024/25 წლების ჩელენჯ თასი
III ჯგუფი. პირველი რაუნდი
7 დეკემბერი. შაბათი.
თბილისი. “მიხეილ მესხი”
შავი ლომი (საქართველო) - ვანი (საფრანგეთი) 22:19 (13:7)
შავი ლომი
ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. თორნიკე კახოიძე, 12. იოანე მეტრეველი, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლუკა მატკავა (კაპ.), 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. ვასილ კაკოვინი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ლადო ჩაჩანიძე, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ლუკა ივანიშვილი.
მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. დათო აბდუშელიშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. გიორგი სინაურიძე; 21. დავით ხუროშვილი, 22. დემურ თაფლაძე, 23. ამირან შვანგირაძე.
1 ლელო: ტაბუცაძე
1 გარდასახვა: მატკავა
5 ჯარიმა: მატკავა
RUGBY.GE