„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ინტერის“ პრეზიდენტ ჯუზეპე მაროტას უპასუხა, რომელმაც იტალიურ მედიას უთხრა, რომ სკუდეტოს მოგების მთავარი ფავორიტი „ნაპოლია“.
კონტეს აზრით, მაროტას „ნაპოლიზე“ ზეწოლა სურს, ხოლო „ინტერის“ გათავისუფლება ამ წნეხისგან, ამიტომაც, სიტყვებით თამაშობს. კონტეს ეჭვი არ ეპარება, რომ იტალიის ჩემპიონატში გამოკვეთილი ფავორიტი „ინტერია“, რომელიც ჩემპიონი თუ ვერ გახდება, წარუმატებელ შედეგად შეუფასდება, განსხვავებით დანარჩენი გუნდებისგან.
კონტემ ამის შესახებ "ლაციოსთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა:
„ვიმეორებ, მაროტას, შეუძლია ის თქვას, რაც სურს. რა თქმა უნდა, კარგად ვიცნობ მას, მასთან მიმუშავია და ვფიქრობ, თუ „ინტერი“ სკუდეტოს ვერ მოიგებს, მაროტა კმაყოფილი არ იქნება. „ინტერს“ ძალიან ღრმა სათადარიგო სკამი ჰყავს, სამი თუ არა, ორი გუნდი ნამდვილად ჰყავს, დარწმუნებული ვარ, მაროტას ამ სიტყვებს ქარი წაიღებს, რომ ვერ გახდნენ ჩემპიონები, მაროტამ საკუთარ თავს შეკითხვები უნდა დაუსვას, რადგან „ინტერი“ იტალიაში ამჟამად ყველაზე ძლიერია”, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ „ლაციოს“ იტალიის თასზე 5 დეკემბერს ესტუმრება, ხოლო იმავე „ლაციოს“ 8 დეკემბერს, უკვე საკუთარ მოედანზე სერია A-ს ეგიდით დაუპირისპირდება.