რაგბი

23:00 | 2.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ლიგა | „მხატვრებმა“ 18-მატჩიანი მარცხიანი სერია დაასრულეს

პირველ ლიგაში პირველი წრე ‘გორმა’ დამაჯერებლად მოიგო. რეგულარული სეზონის შუალედურ ფინიშზე შიდა ქართლელებმა პირველობის 9-ვე შეხვედრა მოიგეს (ბონუსის აღება მხოლოდ 1 მატჩში ვერ მოახერხეს), 44 ქულა დააგროვეს და მდევარ ‘ვეფხვებთან’ უპირატესობა 13 ქულამდე გაზარდეს. ‘რუსთავმა’ 28 ქულით მესამე პოზიციაზე აინაცვლა და მოწინავე კვარტეტში მყოფ ‘წიქარას’ 1 ქულით უსწრებს.

‘ლოკომოტივმა’ 24 ქულით მე-5 ადგილი გაიმყარა და პლეი ოფის ზონაში ანაცვლებულ ‘დინოზავრს’ 3 ქულით უსწრებს. ჭიათურის ‘მათე’ კი 18 ქულით მე-7 ადგილზე დაქვეითდა. ‘არწივები’ 11 ქულით მე-8 ადგილზე რჩება და მე-9 ადგილოსან ‘ფოთს’ კვლავინდებურად 2 ქულით უსწრებს. აუტსაიდერმა ‘აკადემია-ლაშარმა’ კი პირველი გამარჯვებით, პირველი საცხრილო ქულები გამოიმუშავა. აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში, დიდ 10-ში გამოსვლიდან მოყოლებული „მხატვრებმა“ 18-მატჩიანი მარცხიანი სერია დაასრულეს და პირველი გამარჯვება იზეიმეს.

პატარძეულის ‘ვეფხვებმა’ მე-9 ტურის გამორჩეული შეხვედრა ‘რუსთავთან’ ვაზისუბნის სარაგბო არენაზე გამართა და ანგარიშში დაწინაურება მხოლოდ ერთხელ, მატჩის დებიუტში ფულბეკ ლაშა გურგენიძის გარდაუსახავი ლელოთი მოახერხა. მართალია, მთლიანობაში გუნდებმა 4-4 ლელოს გატანა მოახერხეს, თუმცა მატჩის დიდი ნაწილი ქვემო ქართლელთა კარნახით წარიმართა.

მარქაფადან ჩართული მარბიელის ლაშა უცუნაშვილის „დუბლით“ გარე კახელები თამაშში ბოლომდე „დარჩნენ“, თუმცა სამატჩო ქულის აღება ვერ მოახერხეს. რუსთაველთა კვაჭ მერაბ მენაბდის შესრულებულ „ჰეთ-თრიკს“, მატჩის მიწურულს ფრთა ლუკა მაისურაძის გატანილი ლელოც დაერთო. ქვემო ქართლელთა ბორჯღალოსანმა ჰავბეკმა რამაზ ხარაზიშვილმა 3 გარდასახვა გამოიყენა და 5 ჯარიმაც ძელებს შუა გაატარა. გიორგი ზაბახიძის შეგირდებმა პირველობაზე საუკეთესო შეხვედრა ჩაატარეს და გარე კახელებს სეზონში მეორე მარცხი აგემეს - 41:24.

„ჭალის დასახლებაში“, ლიდერი ‘გორი’ ჭიათურის ‘მათეს’ დაუხვდა და თავის საგრძნობი უპირატესობა ტაიმებში გატანილ 4-4 უპასუხო ლელოში ასახა. შიდა ქართლელთა წარმატებას სათავე შუამარბ ლაშა დონაძის გატანილმა ლელომ დაუდო, წერტილი კი მარქაფადან ჩართული მარბიელის ნიკა წივწივაძის დადებულმა ლელომ დაუსვა. გორელთა ერთ-ერთმა ყველაზე შედეგიანმა მოთამაშემ, ფიჯელმა ფრთა ჯაბულანი მკულვანმა „დუბლი“ შეასრულა. ‘გორმა’ მატჩი „მშრალი“ ანგარიშით - 50:0 მოიგო.

„აია არენაზე“, წყალტუბოს ‘დინოზავრისა’ და ‘წიქარას’ შეხვედრა სტუმართა ფრთა ლუკა ბურდულის გარდაუსახავი ლელოთი დაიწყო, რის შემდგომ კარგა ხნის მანძილზე უპირატესობას იმერლები ფლობდნენ. მოლის ჩაქცევისთვის ‘დინოზავრის’ სასარგებლოდ დანიშნულ ლელოს, გამოცდილი მარბიელის ბადრი დანგაძის გარდასახული ლელო მოჰყვა და შესვენებაზე ‘დინოზავრი’ 9 ქულიანი სხვაობით წავიდა.

მეორე ტაიმში მასპინძელთა კვაჭ გიორგი ტორაძის დადებული ძალისმიერი ლელო, კაპიტანმა მგეზავმა დავით გობეჯიშვილმა გარდასახა და შემდგომ გატანილი ჯარიმით საკუთარი გუნდის უპირატესობა 17 ქულამდე გაზარდა. შეხვედრის დასკვნითმა ნაწილმა ‘წიქარას’ იერიშებში ჩაიარა. მარქაფადან ჩართულების ზურა გრიგალაშვილისა და ფრიდონ ვეშაგურის გატანილმა ლელოებმა სტუმრებს ნუგეშ-ქულა მოუპოვა. ‘დინოზავრმა’ მატჩი 22:17 მოიგო.

ქვეყნის 10-გზის ჩემპიონი ‘ლოკომოტივმა’ საკუთარ ბაზაზე ‘ფოთს’ უმასპინძლა. შეხვედრა „რკინიგზელთა უპირატესობით წარიმართა. იმის მიუხედავად, რომ მეორე ტაიმში ‘ლოკომოტივის’ 4 მოთამაშე იქნა გასინბინებული, კოლხები მხოლოდ ფრთა მიხეილ ხოშტარიას გატანილ ლელოს დაჯერდნენ. „რკინიგზელებმა“ მეტოქეს მთლიანობაში 5 ლელო დაუდეს. ‘ლოკომოტივის’ წარმატებას სათავე მარბიელ ლუკა გლუნჩაძის გატანილმა ლელომ დაუდო, მარბიელმა კაპიტანმა რამაზ ბენდელიანმა კი „დუბლი“ გაიფორმა. „რკინიგზელთა“ დამაჯერებელი გამარჯვება, მატჩის მიწურულს მოლის ჩაქცევისთვის დანიშნულმა საჯარიმო ლელომ დააფიქსირა - 31:10.

„რაგბი პლატოზე“, ‘აკადემია-ლაშარისა’ და ოზურგეთის ‘არწივების’ მატჩის დებიუტში მასპინძლები კვაჭ ლადო ბრეგვაძის გატანილი ლელოთი დაწინაურდნენ, რის შემდგომ „მხატვრებს“ უპირატესობა ხელიდან არ გაუშვიათ. ბრეგვაძემ „დუბლი“ გაიფორმა, შუამარბ ნიკა გოდერიძისა და მარბიელ ვახტანგ კირაკოზაშვილის დადებული ლელოებით აუტსაიდერმა ანგრიშში სხვაობა სოლიდური გახადა. ‘არწივთა’ ფრთა ზურა ჩხობაძემ „დუბლი“ შეასრულა და მისმა მეორე გატანილმა ლელომ „მხატვრებს“ პრემიალური ქულით გამარჯვება არ დაანება - 27:15.

0.114855