რაგბი

21:18 | 2.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ბათუმი 18:11 ხვამლი

‘ბათუმმა’ თბილისის ‘ხვამლს’ crocobet დიდი 10-ის მე-10 ტურში 18:11 სძლია, სატურნირო ცხრილში ადგილი გაუცვალა და მესამე ადგილზე დაწინაურდა.

ზღვისპირელებმა მუხიანელებთან პირველ ტურში განცდილი მარცხისთვის რევანშიც აიღეს და ჯამში 28 ქულა მოაგროვეს. ‘ხვამლმა’ მეორე ტაიმში მოპოვებული ქულებით ნუგეშ-ქულა აიღო და ჯამში 25 ქულით მეოთხე ადგილზეა.

თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო, მასპინძლები სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლნენ და მე-15 წუთზე ბუბა ნოზაძის ჯარიმით დაწინაურდნენ. ტაიმის შუაში ზურა ქობელაშვილს კარის წინ 40 მეტრიდან საპასუხო ჯარიმა გაუცუდდა, რასაც ორ წუთში ბათუმელთა მოლით შეტევა და გიორგი შუკაკიძეს ლელო მოყვა. 30-ე წუთზე ‘ხვამლმა’ წითელ ზონაში, საკუთარ დერეფანში დაკარგა ბურთი, რასაც მასპინძელთა ფორვარდებით მიძალება და შუკაკიძის მეორე ძალისმიერი ლელო მოყვა.

ნოზაძემ ერთო გარდასახვა გამოიყენა. ტაიმის მიწურულს ‘ხვამლი’ გააქტიურდა და გიგა კობახიძის სინბინის შემდეგ რიცხობრივი უპირატესობაც მიიღო, მაგრამ ამით ვერ ისარგებლა - 15:0.

მეორე ტაიმის დასაწყისში ნოზაძემ ჯარიმით მასპინძელთა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა, რის შემდეგაც სტუმრები გააქტიურდნენ და მეთოდურად ჩამორჩენა შეამცირეს. ქობელაშვილმა 52-ე წუთზე ჯარიმა გაქვითა, მე-60-ე წუთზე ჯოელი მბალეილევუკამ თავისი 22-იდან წამოიწყო კონტრშეტევა, ბურთი ფეხით გადაიკიდა და ლელო გაიტანა.

‘ბათუმმა’ ჯარიმით სცადა უპირატესობის გაზრდა, მაგრამ ნოზაძის დარტყმა მიზანს ასცდა და 72-ე წუთზე ქობელაშვილმა ჯარიმით სტუმრები ნუგეშ-ქულის ზონაში შეიყვანა.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და ‘ბათუმმა’ 18:11 გაიმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ზურა ფირცხალაიშვილი გახდა.

RUGBY.GE

0.114295