რაგბი

12:42 | 1.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

რეგიონული ლიგა | ‘ქვემო ქართლმა’ სამნიშნა ციფრით მესამედ მოიგო

რეგიონულ ლიგაში, მიმდინარე კალენდარული წლის დასკვნითი შეხვედრები აღმოსავლეთის პირველ ჯგუფში გაიმართა. არდადეგებზე 28 ქულით ჯგუფის ლიდერად გარდაბნის ‘ქვემო ქართლი’ წავიდა. ზურა ხორბალაძის ბიჭებმა პირველი წრის ექვსივე შეხვედრა მოიგეს და თან ბოლო 3 მატჩში სამნიშნა ციფრით იმარჯვეს. გარდაბნელებს, 25 ქულით კვალში მარნეულის ‘არმაზი’ უდგას. აღმოსავლეთის პლეი ოფში მოსახვედრად ბრძოლას ცხრილში მესამე პოზიციაზე მყოფი თსუ-ც აგრძელებს. სტუდენტებმა ბოლო 2 შეხვედრა პრემიალური ქულით მოიგეს, 20 ქულას მოუყარეს თავი და ‘არმაზს’ 5 ქულით ჩამორჩებიან.

‘ლოკომოტივის’ ბაზაზე, მოუგებლად მყოფმა აუტსაიდერმა ‘ბორჯომმა’ ლიდერ ‘ქვემო ქართლთან’ ვერაფერი გააწყო. ზურა ხორბალაძის ბიჭები განუზომელ უპირატესობას ფლობდნენ და მატჩის ნომინალურ მასპინძელ თორელებს 17 უპასუხო ლელო დაუდეს. ქვემო ქართლელთა მარცხენა ფრთა მიშო შუბითიძემ „პენტა-თრიკი“ (5 ლელო) შეასრულა, მარჯვენა ფრთა ირაკლი ტაბატაძემ კი „პოკერი“ (4 ლელო) გაიფორმა და 4 გარდასახვაც ზუსტად შეასრულა. ლიდერმა სეზონში „მშრალი“ ანგარიშით პირველად მოიგო - 109:0.

‘სოხუმი’-‘არმაზის’ ტურის გამორჩეული შეხვედრაც ‘ლოკომოტივის’ ბაზაზე გაიმართა. ‘სოხუმმა’ ბოლომდე იბრძოლა, 2 ლელოც (ბურჯი დავით დოიაშვილი და შუამარბი ლაშა მახაური) გაიტანა, თუმცა დიდ-10 გამოვლილ გამოცდილ მეტოქესთან ვერაფერი გააწყო. ‘არმაზი’ მატჩის დებიუტში კვაჭ გიორგი დანელიას დადებული ლელოთი დაწინაურდა. ქვემო ქართლელთა კაპიტანმა მთლიანობაში „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა და სწორედ მისმა მესამე გატანილმა ლელომ ‘არმაზს’ შეხვედრა პრემიალური ქულით მოაგებინა - 35:15. ‘არმაზის’ მგეზავმა ლაშა ბრეგვაძემ კი თანაგუნდელთა 5-ივე გატანილი ლელო გარდასახა.

‘ლაშარი’ და თსუ ერთმანეთს „ხვამლი არენაზე“ დაუპირისპირდნენ. სტუდენტებმა თავიანთი უდიდესი უპირატესობა 17 უპასუხო ლელოში ასახეს. ფრთა ვატო ლობჟანიძემ, შუამარბმა ლაშა დვალიშვილმა, მხტომელმა ოთარ ფორჩხიძემ და მარქაფადან ჩართულმა მარბიელმა ნიკა ჯორბენაძემ „დუბლი“ გაიფორმეს. თსუ-მ, ლიდერის მსგავსად სამნიშნა ციფრითა და „მშრალი“ ანგარიშით იმარჯვა - 110:0.

RUGBY.GE

0.111043