ქუთაისის ‘არესმა’ რუსთავის ‘ხარებს’ 26:15 სძლია და ლიდერ ‘აიასთან’ 2-ქულიანი ჩამორჩენა შეინარჩუნა.
crocobet დიდი 10-ის მე-10 ტურში ‘არესმა’ მეტოქეს “აია არენაზე” უმასპინძლა და ორივე ტაიმის დებიუტში ორ-ორი ლელო გაუტანა. ‘ხარებმა’ პირველი ტაიმის მეორე ნახევარში შეძლო უპირატესობის მოპოვება და დაწინაურება, თუმცა მეორე ნახევარში იგივეს გამეორება ვეღარ მოახერხა.
ანგარიში მატჩის დასაწყისშივე ჯოსევანი ნდრავამ გახსნა. მან ბურთი საკუთარი 22-ის მისადგომებთან მიიღო, მარცხენა ფრთაზე დაიძრა, გზად რამდენიმე მცველს გვერდი აუარა და 80-მეტრიანი რეიდი ლელოთი დაასრულა. მე-5 წუთზე მასპინძლებმა მძლავრი მოლი ააგორეს, რომელმაც 22 მეტრი იარა და გოგა კობახიძის ლელოთი დასრულდა. გიორგი თევდორაძემ მეორე გარდასახვა გამოიყენა.
ამის შემდეგ ინიციატივას სტუმრები დაეუფლნენ და დასარტყმელ პოზიციაში რამდენიმე ჯარიმა მიიღეს, მაგრამ ლელოზე თამაში არჩიეს და საკუთარი დერეფანი ვერ მოიგეს. მე-18 წუთზე სანდრო სვანიძემ გაჭრა ხაზი, ერთ მცველს გვერდი აუარა, მეორე აიყვანა და ძელებსშუა ცოტნე უსენაშვილი შეუშვა. კარის წინიდან იოლი გარდასახვა არაზუსტი იყო.
ტაიმის შუაში ბაქარ ბურჯალიანმა ყვითელი ბარათი მიიღო და მასპინძლები 10 წუთით კაცნაკლული დარჩნენ. რუსთაველებმა ლელო მორიგ ჯერზეც რომ ვერ გაიტანეს, 29-ე წუთზე გიორგი პეტრიაშვილმა ჯარიმა ცენტრიდან კარში დაარტყა და სხვაობა 4 ქულამდე დაიყვანა. 5 წუთში ‘ხარებმა’ ჩვეულ სტილში, მაღალ ტემპში შეუტია, კარგად იმუშავა მიყოლამ და თამაზ ჭამიაშვილმა ლელოთი სტუმრები დააწინაურა, პეტრიაშვილმა კი გარდასახვით პირველი ტაიმის ანგარიში დააფიქსირა - 12:15.
მეორე ტაიმი კვლავ ‘არესის’ შეტევებით დაიწყო, არჩილ იაშაღაშვილს მარჯვენა ფრთაზე სივრცე დარჩა, შეუტია და მისი ლელო რთული პოზიციიდან თევდორაძემ გარდასახა. 47-ე წუთზე 22-თან ხაზი ირაკლი თევზაძემ გაჭრა და ბოლო მცველმა მისი შეჩერება ვეღარ მოახერხა. თევდორაძე ამჯერადაც ზუსტი იყო.
‘ხარები’ ისევ გააქტიურდა და 65-ე წუთზე სვანიძე ლელოს აუცილებლად გაიტანდა, მაგრამ ანარე ტუიტაის გადაცემა საკუთარ 5-მეტრიანთან გიორგი თავაძემ ჩაჭრა. მერე ‘არესს’ უნდა გაეტანა ბონუსის მომტანი ლელო, თუმცა ვერ იხეირა, ვერც რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა (ყვითელი - კობა ჯიმშელეიშვილი) და საბოლოოდ მასპინძლებმა 26:15 გაიმარჯვეს.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე გოგა კობახიძე გახდა. მისი ‘არესი’ 38 ქულით მეორე ადგილზეა, ‘ხარები’ კი 20 ქულით მე-6 პოზიციაზე რჩება.
RUGBY.GE