რაგბი

12:23 | 1.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ყოჩები 33:39 ყაზბეგი

სტეფანწმინდის ‘ყაზბეგმა’ crocobet დიდი 10-ის მეორე წრის პირველ მატჩში, ბოლნისის ‘ყოჩები’ 39:33 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.

ამ თამაშამდე სტეფანწმინდელებს ზედიზედ ოთხი მარცხი ქონდათ, რამაც მათი მდგომარეობა დაამძიმა და პირველი წრის ბოლოს აუტსაიდერ ‘ყოჩებს’ დაუახლოვა. შედეგად, შეხვედრა ორივე გუნდისთვის უდიდეს მნიშვნელობას იძენდა.

“რაგბი პლატოზე” მატჩი მასპინძლების შეტევებით დაიწყო და ლაშა მალაღურაძემ 9 წუთში ორი ჯარიმა გაიტანა. დავით მოძღვრიშვილმა ერთი ჯარიმა მალევე გაქვითა, მე-16 წუთზე კი ბოლნისელები მოედნის ცენტრში შეცდნენ, ბურთს დაჩი ზამბახიძე დაეუფლა და 50-მეტრიანი გარბენი ლელოთი დაასრულა. მოძღვრიშვილის გარდასახვას მალაღურაძემ ჯარიმით უპასუხა და სხვაობა 1 ქულამდე დაიყვანა.

დასკვნით წუთებში სტუმრები უპირატესობას დაეუფლნენ, ზამბახიძემ კიდევ ერთხელ მოიხელთა ფეხით გადაკიდებული ბურთი, ამჯერადაც თავად შეუტია და მეორე ლელო გაიტანა, ზედ შესვენების წინ კი ირაკლი გეგენავაზე უხეში ბოჭვა დაფიქსირდა, რომელმაც სტუმრებს ლელოს გატანაში ხელი შეუშალა და ეპიზოდის ვიდეო-რეფერისთან გადამოწმების შემდეგ საბა აბულაშვილმა სტუმართა სასარგებლოდ საჯარიმო ლელო ჩასტვინა, გეგენავა კი სინბინში გაუშვა - 9:22.

მეორე ტაიმის დასწყისში ‘ყაზბეგმა’ რიცხობრივი უპირატესობით ორჯერ ისარგებლა. 44-ე წუთზე გიორგი მარგალიტაძეს ლელომდე ცოტა დააკლდა, თუმცა იქვე საქმეში მათე დარძულიძე ჩაერთო და 5 ქულა მიითვალა, ხოლო 49-ე წუთზე მოლი იაგო გელაძის ლელოთი დასრულდა და მოძღვრიშვილმა ორივე გარდასახა.

გეგენავას დაბრუნების შემდეგ ყვითელი ბარათი მალაღურაძემ მიიღო და მასპინძლები კვლავ კაცნაკლული დარჩნენ, თუმცა მათ შეტევის ორგანიზება მოახერხეს, მოკლეზე ფეხით გადაკიდებულ ბურთს იოსებ გუშარაშვილი მიყვა და მისი ლელო თემურ ჭიჭინაძემ გარდასახა. ამ ეპიზოდში სინბინით ვანო ბურდული დაისაჯა და ‘ყაზბეგიც’ კაცნაკლული დარჩა, 70-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი ლევან ქუშაშვილმაც მიიღო და გუნდი აშკარა ლელოსგან იხსნა.

მიუხედავად ამისა ბოლნისელებმა მოლის შემდეგ მაინც შეძლეს ლელოს გატანა, თავი ლაშა საჯაიამ გამოიჩინა და მალაღურაძემ რთული პოზიციიდან გარდასახა. მოძღვრიშვილმა ჯარიმით სტუმართა უპირატესობა გაზარდა, მაგრამ ‘ყოჩები’ არც ამ ჯერზე გატყდა, გააფთრებული შეტევები გააგრძელა და 77-ე წუთზე საჯარიმო ლელო გამოიმუშავა. ვანო ბურდულს მოედნის დატოვება მოუწია და სტეფანწმინდელები მოედანზე კვლავ 13 კაცის ამარა დარჩნენ. მათ მაინც შეძლეს მეტოქის შეტევების ჯარიმის ხარჯზე მოგერიება, რამაც გაწითლებულ დროზე მალაღურაძეს 3 ქულის აღების შესაძლებლობა მისცა და ‘ყოჩებს’ მცირე სხვაობით მარცხისთვის ნუგეშ-ქულა შეხვდა - 33:39.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე დაჩი ზამბახიძე გახდა. მისმა ‘ყაზბეგმა’ 18 ქულა მოაგროვა, მე-8 ადგილი შეინარჩუნა და საფლეიოფო ექვსეულს მიუახლოვდა. ‘ყოჩები’ 10 ქულით ბოლო ადგილზე რჩება.

RUGBY.GE

0.114614