სანაკრებო პაუზის შემდეგ განახლდა საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგა. მე-6 ტურის 5 მატჩი 3 დღეზეა გადანაწილებული და დღეს პირველი შეხვედრა ტყიბულში გაიმართა. ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა “ორბმა” თბილისის “რაშს” უმასპინძლა და 68:75 (სტატისტიკა) დამარცხდა. სანდრო ნოზაძის გაწვრთნილმა “რაშმა” სუპერლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება წინა ტურში, “კავკასიასთან” იზეიმა, რასაც ზედიზედ მე-2 მოგება მოაყოლა და ცხრილში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა.
თბილისურმა გუნდმა პირველივე წუთებზე რომ მოიპოვა ლიდერობა, ხელიდან აღარ გაუშვია. რაშმა პირველი პერიოდი 26:11 მოიგო, მესამე პერიოდის დასაწყისში კი 25 ქულით დაწინაურდა. გუნდის ბირთვს და გამწევ ძალას ლეგიონერები შეადგენენ და სწორედ მათი დამსახურებაა, რაშის მეორე გამარჯვება.
გამოსარჩევია მაჯურ ჯაჯაკი, რომელმაც 16 ქულა, 14 მოხსნა და 5 დაფარება მიითვალა. ის სარგებლიანობით მატჩის საუკეთესო გახდა. 23 ქულა ჩააგდო გარეტ ჰიკსმა, გიორგი ვახანია კი თავის გუნდს 4 სამქულიანით შეეშველა. ორბის კალათბურთელებმა ბოლო წუთზე ვითარება დაძაბეს, როცა გუჯა ბირკაიას სამქულიანის შემდეგ ჩამორჩენა 2 ქულამდე (78:80) შეამცირეს, თუმცა სერგი ნინუამ და ჯონ კერიმ ტყიბულელთა ტაქტიკური ჯარიმები ქულებად აქციეს და რაშმა სეზონში მეორე მოგება გაიფორმა.
სუპერლიგის მე-6 ტურის 3 მატჩი 3 ნოემბერს თბილისსა და ზესტაფონში გაიმართება. გაგრის ამრა თბილისი არენაზე გორის ივერიონს უმასპინძლებს. ზესტაფონში სათამაშოდ ქუთაისი ჩავა, ხოლო ვსა დიღომი არენაზე გურჯაანის დელტას უმასპინძლებს.
GBF.GE