რაგბი

19:36 | 29.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | აია 43:30 არმია

ქუთაისის ‘აიამ’ crocobet დიდი 10-ის მეორე წრის პირველ მატჩში თბილისის ‘არმია’ 43:30 დაამარცხა და ლიდერის პოზიციები გაიმყარა.

“აია არენაზე” გამართული შეხვედრა უხვქულიანი აღმოჩნდა. გუნდებმა ჯამში 10 ლელო გაიტანეს და თამაშს დაძაბულობა ბოლო წუთამდე შეუნარჩუნეს, რადგან 1 დამატებითი ქულის აღების შანსს საფინალო სასტვენამდე ინარჩუნებდნენ.

ანგარიში სტუმრებმა მატჩის დებიუტში გატანილი ლელოთი გახსნეს. მერლს პიტერმა სისწრაფეში შეუტია და მარჯვენა ფრთაზე ლელოში გიორგი გელაშვილი შეუშვა. ‘აიამ’ 5 წუთში უპასუხა, დერეფნიდან ბურთი საპირისპირო ფრთამდე ჩაათამაშა და თემურ კოხოძემ თავისი პირველი ლელო გაიტანა, ხოლო გიორგი ბაბუნაშვილმა გარდასახვით მასპინძლები დააწინაურა.

მე-15 წუთზე სტუმრები გიორგი კაკაურიძის სინბინის გამო მოედანზე 10 წუთით კაცნაკლული დარჩნენ. ბაბუნაშვილმა 40 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა, მე-20 წუთზე კი ცენტრში გაჭრა ხაზი, ლელომდე დაახლოებით 50 მეტრი ირბინა და გარდასახვაც ზუსტად შეასრულა. პიტერსმა ორი ჯარიმით ჩამორჩენა 6 ქულამდე დაიყვანა, თანაც საბა ხონელიძე სინბინით დაისაჯა და პირველი ტაიმის დასკვნითი წუთები ‘აიამ’ კაცნაკლულმა გაატარა.

მიუხედავად ამისა 35-ე წუთზე კოხოძემ კარგი შეტევა თავისი მეორე ლელოთი დაასრულა. ბაბუნაშვილი გარდასახვიდან ზუსტი იყო, თუმცა ქუთაისელები მატჩის განახლებისთანავე შეცდნენ, რითაც ‘არმიამ’ ისარგებლა, ბურთი მარჯვენა ფრთაზე სწრაფად ჩაათამაშა და ნიკა გიგაურმა პირველი ტაიმის შედეგი დააფიქსირა - 24:16.

თამაში რომ განახლდა ქუთაისელთა მოლი საბა ხონელიძის ლელოთი დასრულდა, რომელმაც მოკლე ფრთაზე შეუტია და ბაბუნაშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახა. 49-ე წუთზე ჯესე მაროვიამ ჯარიმა გაითამაშა და ლელომდე სულ ცოტა დააკლდა, მერე შეტევა ხაზზე გაიშალა და ახლა გელაშვილმა გაიტანა თავისი მეორე ლელო. პასუხად ოთარ მეტრეველმა შეუტია სისწრაფეში, ლელომდე მასაც სანტიმეტრები დააკლდა, თუმცა იქვე საბა ლაღაძე გაჩნდა და ბურთი ლელოში გადადო, 63-ე წუთზე კი კოხოძემ თავისი მესამე ლელო მიითვალა და ქუთაისელების უპირატესობა სოლიდური გახადა (43:23).

‘არმია’ არც ამჯერად დანებდა, 68-ე წუთზე მოლის შემდეგ ლელო გიორგი მექვაბიშვილმა გაიტანა და პიტერსმა გარდასახა. დასკვნით 10 წუთში გუნდების მონდომებას შედეგი არ მოყოლია და ‘აიამ’ 43:30 გაიმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ქუთაისელთა მგეზავი გიორგი ბაბუნაშვილი გახდა.

RUGBY.GE

0.116792