„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „ლივერპულთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
როგორც მან თქვა, უნდა მიიღონ ის სიტუაცია, რომელშიც არიან და სჯერა, რომ ყველა ტიტულისთვის ბრძოლა შეუძლიათ. პეპმა ასევე უპასუხა იმ ხალხს, რომლებიც უკვირთ, რომ ამ დრომდე სამსახურიდან არ გაათავისუფლეს.
„უნდა მივიღოთ სიტუაცია, რომელშიც ვართ. წინ უნდა წავიდეთ კარგ და ცუდ მომენტებშიც. ჯერ მხოლოდ დეკემბერია, წინ კიდევ ბევრი მატჩია და ბევრი მიზანი, რომლებისთვის ბრძოლა შეგვიძლია. უნდა ვისწავლოთ, ვისწავლოთ და ვისწავლოთ. წარმატებაა, როცა იმდენჯერ მოახერხებ ფეხზე წამოდგომას, რამდენჯერაც დაეცემი. დავუბრუნდებით ჩვენს დონეს, ეს ვიცი, მაგრამ არ ვიცი, როდის.
გასულ სეზონშიც დეკემბრამდე რეალისტური არ იყო ტიტულების მოგება, მაგრამ მოვახერხეთ ფეხზე წამოდგომა. „ლივერპული“ კარგ ფორმაშია და ძლიერია ყველა რგოლში. სეზონში მხოლოდ ერთი თამაში წააგო, რაც ნიშნავს, რომ ძალიან სტაბილური გუნდია, თუმცა არ ვიცი, დღეს მსოფლიოში საუკეთესოა თუ არა. ბოლო წლებში "ლივერპულთან" ყოველთვის ყველაზე რთული დაპირისპირებები გვქონდა.
დადებითი შედეგიც ჩვენთვის ბევრს არაფერს შეცვლის, განწყობას გამოაკეთებს, მაგრამ სამი დღის მერე „ნოტინგემს“ ვეთამაშებით და ისევ უნდა გავიმარჯვოთ. მყარი და სტაბილური ხარ, როცა ზედიზედ 10, 11 ან 12 თამაშს მოიგებ, მხოლოდ ერთი მატჩის მოგება გუნდის იმპულსს ვერ შეცვლის.
ხალხი კითხულობს: რატომ არ გაათავისუფლეს პეპი? იმიტომ, რაც ბოლო წლებში ვაჩვენეთ - ვერ იპოვით გუნდებს, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენსავით კარგად მუშაობდნენ“, - თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტის“ ყველა ტურნირზე ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს - 1 ფრე, 5 წაგება, ხოლო პრემიერლიგაში „ლივერპულს“ 8 ქულით ჩამორჩება.