ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის განახლების საკითხი იტალიაში და განსაკუთრებით ნეაპოლურ მედიაში ძალიან აქტუალურია.
როგორც Sky Sport-ი იტყობინება, ამჟამად მხარეებს შორის მოლაპარაკებები შეჩერებულია. ისინი ვერ ახერხებენ რიგ საკითხებზე შეთანხმებას, მთავარი კი, გამოსასყიდი თანხაა, რომლის მითითება კვარას წარმომადგენლებს განახლებულ კონტრაქტში სურთ - 80 მილიონი ევრო.
თავის მხრივ, „ნაპოლიში“ ფიქრობენ, რომ კვარაცხელია გაცილებით მეტი ღირს და 80 მილიონ ევროდ მასთან განშორებას არ აპირებენ. გარდა ამისა, პრობლემაა ხელფასის საკითხიც: „ნაპოლი“ სეზონში 6 მილიონს სთავაზობს, ქართველის მხარე 8 მილიონს ითხოვს. მიუხედავად ამისა, ხელფასზე შეთანხმება შესაძლებელია, მთავარი პრობლემა გამოსასყიდი ფასია.
Rai იტყობინება, რომ „ნაპოლისა“ და ფეხბურთელს შორის კონტრაქტის საკითხზე ცივი ომი მიმდინარეობს, აურელიო დე ლაურენტისი კი, ძალიან იმედგაცრუებულია და ის არ აპირებს შეთავაზების გაზრდას. ასე რომ, ჯერჯერობით, საკითხი ისევ გადაუჭრელია.
იტალიელი ჟურნალისტი ჯოვანი სკოტო ფიქრობს, რომ შეიძლება კვარაცხელიას ნეაპოლური კარიერა ისე დასრულდეს, როგორც ვიქტორ ოსიმენის დასრულდა:
„არსებობს საფრთხე, რომ კვარაცხელიას შემთხვევაში იგივე მოხდეს, რაც უკვე ვნახეთ ოსიმენთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ქართველის გარემოცვა ბევრჯერ დაფიქრდება, სანამ „ნაპოლისთან“ კონტრაქტის განახლებას დათანხმდებიან“, - თქვა სკოტომ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და სეზონში მხოლოდ 1.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.