გრაცის „შტურმმა“, სადაც ოთარ კიტეიშვილი თამაშობს, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ავსტრიის ჩემპიონმა საკუთარ მოედანზე ესპანური „ჟირონა“ დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. 59-ე წუთზე ერთადერთი გოლი მიკა ბიერეთმა გაიტანა და დარჩენილ დროში გრაცელებმა უპირატესობა შეინარჩუნეს. კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, თანაც ის იყო გუნდის კაპიტანი.
„შტურმს“ ხუთი ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს, მომდევნო ტურში კი, 11 დეკემბერს, ფრანგულ „ლილს“ სტუმრად შეხვდება. „ჟირონას“ აქტივშიც მხოლოდ 3 ქულაა და წინ „ლივერპულთან“ საშინაო მატჩი აქვს.
პარალელურად, ბელგრადში, საკმაოდ მოულოდნელი ანგარიში დაფიქსირდა, სადაც „ცრვენა ზვეზდამ“ „შტუტგარტი“ 5:1 გაანადგურა. სერბეთის ჩემპიონისგან ასეთ თამაშს ალბათ, ცოტა თუ ელოდა.
„ცრვენა ზვეზდამაც“ პირველად მოიგო, 3 ქულა აქვს და მომდევნო ტურში „მილანთან“ რთული გასვლა ელოდება. ამბიციური „შტუტგარტის“ მონაგარი მხოლოდ 4 ქულაა, საიდანაც 3 ქულა ტურინში, „იუვენტუსთან“ მოიპოვა, ასე რომ, გერმანული გუნდისგან ასეთი შედეგი კიდევ უფრო გასაკვირია. „შვაბები“ მომდევნო ტურში „იანგ ბოიზს“ უმასპინძლებენ.
„ცრვენა ზვეზდა“ – „შტუტგარტი“ 5:1 (2:1)
გოლები: 0:1 დემიროვიჩი (5), 1:1 სილასი (12), 2:1 კრუნიჩი (31), 3:1 ივანიჩი (65), 4:1 რადონიჩი (69), 5:1 რადონიჩი (88)
„შტურმი“ – „ჟირონა“ 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 ბიერეთი (59)