საქართველოს ეროვნულ ლიგაში საჩემპიონო ინტრიგა 34-ე ტურის შემდეგაც შენარჩუნდა.
ყველაფერი „იბერიას“ ხელში იყო, რომელიც ფოთის „კოლხეთთან“ თუ მოიგებდა, ჩემპიონი გახდებოდა, მაგრამ ვერ მოიგო.
მეშვიდე წუთზე ანგარიში გიორგი კოხრეიძემ გახსნა და ლევან კორღალიძის გუნდი მიზანს კიდევ უფრო მიუახლოვდა. თუმცა, 73-ე წუთზე გიორგი ახალაძემ წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. „იბერიას“ მოგება მაინც შეეძლო, მაგრამ 79-ე წუთზე გიორგი კოხრეიძემ პენალტი ვერ გაიტანა - 1:1.
პარალელურად, „ტორპედომ“ 2:0 დაამარცხა „გაგრა“, მიუხედავად იმისა, რომ მე-13 წუთიდან 10 ფეხბურთელით თამაშობდა. ფელიპე პირესმა და ირაკლი ბიძინაშვილმა გაიტანეს მეტოქის კარში გოლები.
ამრიგად, სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე „იბერიას“ 71 ქულა აქვს, „ტორპედოს“ – 67. შესაბამისად, ყველაფერი ისევ „იბერიას“ ხელშია, რომელიც მომდევნო ტურში „გაგრას“ თუ მოუგებს, ისტორიაში მეორედ გახდება საქართველოს ჩემპიონი. „ტორპედოს“ მომდევნო მეტოქე კი, „სამგურალი“ იქნება.