რაგბი

19:28 | 27.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

7-ქალა დუბაიში ბრუნდება

საქართველოს 7-ქალა ერთწლიანი პაუზის შემდეგ დუბაის საერთაშორისო წვეულ ტურნირზე ბრუნდება, რომელიც 29 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.

ეს არის პირველი მოსამზადებელი ტურნირი რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის, რომლის საგზური გოგონებმა ისტორიაში პირველად მოიპოვეს.

დუბაიში გოგონები ჯგუფურ ეტაპზე სამ თამაშს გამართავენ - 29 ნოემბერს სამხრეთ აფრიკის პირველ და ირლანდიის მეორე ნაკრებთან, ხოლო 30 ნოემბერს საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გუნდთან, რის შემდეგაც ფლეი ოფში გადაინაცვლებს.

“დუბაიში ძალიან ძლიერ გუნდებთან ვითამაშებთ. ჯგუფში გვყავს სამხრეთ აფრიკა და ირლანდია (მეორე გუნდით), ამავე ტურნირზე თამაშობენ ავსტრალია (მეორე გუნდით), ხოლო ევროპიდან (ვისთანაც ევროპის ჩემპიონატზე მოგვიწევს თამაში) პოლონეთი და ბელგია. ჩვენთვის ეს არის შესაძლებლობა დავინახოთ, თუ სად ვიმყოფებით ახლა და მოვემზადოთ ევროპის ჩემპიონატისთვის” - ამბობს მთავარი მწვრთნელი ჯაბა მალაღურაძე და განაგრძობს:

“დუბაის ტურნირზე ბოლოს შარშანწინ ვითამაშეთ და დიდი ანგარიშებით დავმარცხდით, თუმცა იქ მიღებული გამოცდილება შემდგომ წარმატებებში დაგვეხმარა. ვთვლი, რომ ორი წლის წინანდელთან შედარებით ტექნიკურად და ტაქტიკურად ბევრად უკეთ ვართ მომზადებული და ისედაც, შედეგების მიუხედავად, აუცილებლად გვექნება კარგი მომენტები და შეცდომები, რომელთა გამოსწორებაზე ვიმუშავებთ და ევროპის ჩემპიონატზე უფრო თავდაჯერებული გავემგზავრებით”.

მალაღურაძემ უკვე შეარჩია სატურნირო შემადგენლობა. ტრავმის გამო მას რამდენიმე მოთამაშე გამოაკლდა, ერთი - მარიამ გოგუაძე კი, დუბაიში მიწვეული მსაჯის რანგში მიემგზავრება:

“ტრავმირებული მოთამაშეები სრულფასოვანი დატვირთვით ვარჯიშს გაზაფხულზე დაიწყებენ და ეს ჩვენს გუნდში კონკურენციას გაზრდის. დუბაიში მიგვყავს გამოცდილი და შედარებით ახალბედა მოთამაშეების ნაზავი. ჩვენ გვაქვს მომზადების ციკლი, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის საუკეთესო ფორმაში ყოფნას გულისხმობს და დუბაის ტურნირი მზადების ერთ-ერთი ეტაპია. ვარჯიშები სექტემბრიდან განვაახლეთ და ძირითადი აქცენტი ფიზ. მომზადებასა და უნარებზე კეთდებოდა”.

“მინდა მივულოცო დუბაის ტურნირზე მსაჯის რანგში მიწვევა ჩვენს მოთამაშე მარიამ გოგუაძეს და მთელი გუნდის სახელით წარმატებები ვუსურვო. მას ზაფხულშიც ქონდა მიწვევა რაგბი ევროპიდან, მაგრამ საქართველოს ნაკრებს ჭირდებოდა და ამ მიწვევაზე უარი თქვა, ახლა კი არის იმის შესაძლებლობა, მას მსაჯობის კუთხითაც შეძლოს ერთი ნაბიჯით დაწინაურება. მარიამი რა თქმა უნდა ჩვენი გუნდის ნაწილად რჩება და ნაკრებში კიდევ ბევრჯერ ითამაშებს”.

7-ქალა დუბაის საერთაშორისო წვეულ ტურნირზე

სალომე საღარაძე, სალომე მაკასარაშვილი, ანი კაპანაძე, თეონა ჩიტაიშვილი, ანასტასია ახვლედიანი, მანონი საღარაძე, ლიკა ხუფენია, ანა დათიაშვილი, ანა ხაბულიანი, ნინო გუგუჩია, ანა პოღოსიანი, ანა რურუა.

მთავარი მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე

RUGBY.GE

0.123482