ტურინის „იუვენტუსი“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დაცვის ხაზის გაძლიერებას აპირებს და პორტუგალიელი მცველი ანტონიო სილვა დაუკავშირეს.
როგორც იტალიური მედია იტყობინება, „იუვესა“ და ლისაბონის „ბენფიკას“ შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია, თუმცა, შესაძლო ტრანსფერის ფინანსური და ტექნიკური დეტალები ჯერ უცნობია.
„იუვე“ გლეისონ ბრემერის და ხუან კაბალის შემცვლელებს ეძებს, რომლებიც მიმდინარე სეზონში ტრავმების გამო ვეღარ ითამაშებენ.
21 წლის ანტონიო სილვა „ბენფიკას“ აღზრდილია და მთავარ გუნდში 2022 წლიდან დღემდე 105 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა, ხოლო პორტუგალიის ნაკრებში მას 17-ჯერ აქვს ნათამაშები.
სხვათა შორის, სილვამ ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა და მოედანზე ყველაზე ცუდი მოთამაშე იყო: პირველი გოლის მომენტში სწორედ მან დაკარგა ბურთი, რასაც საქართველოს ნაკრების სწრაფი კონტრშეტევა და ხვიჩა კვარაცხელიას გოლი მოჰყვა, ხოლო მეორე ნახევარში სილვამ საჯარიმოში ლუკა ლოჩოშვილი წააქცია და პენალტი დაინიშნა, რომელიც გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.