„პარი სენ-ჟერმენის“ და სლოვაკეთის ნაკრების მცველი მილან შკრინიარი შესაძლოა, იანვარში „იუვენტუსში“ გადავიდეს.
სლოვაკი ფეხბურთელი ლუის ენრიკეს გეგმებში არ შედის და პსჟ-ში სათამაშო პრაქტიკა იშვიათად აქვს, ამიტომაც, კლუბის დატოვებას ცდილობს. ფრანგული მედიის ცნობით, 29 წლის მცველს „იუვესთან“ სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეული აქვს.
ახლა ჯერი კლუბებს შორის შეთანხმებაზეა, რაც ადვილი არ იქნება, რადგან შკრინიარის ხელფასი პარიზულ გუნდში ძალიან მაღალია, ტურინელებს კი, დიდი ფინანსური რესურსი არ აქვთ.
„იუვენტუსს“ უმძიმესი ტრავმებით გლეისონ ბრემერი და ხუან კაბალი გამოაკლდა, რომლებიც მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებენ, ამიტომაც, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ტურინელებმა ორი მცველი აუცილებლად უნდა დაიმატონ.
მილან შკრინიარი პსჟ-მდე „ინტერსა“ და „სამპდორიაში“ თამაშობდა, შესაბამისად, იტალიის ჩემპიონს შესანიშნავად იცნობს.