რაგბი

16:20 | 26.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ჩემპიონის პირველი მარცხი

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის რეგულარული სეზონის შუალედურ ფინიშზე ‘ლელომ’ იპირველა. მართალია, ჩემპიონმა პირველი წრის მიჯნაზე პირველი მარცხი იწვნია, თუმცა 31 ქულით ლიდერობას აგრძელებს და მდევარ ‘აიას’ 2 ქულით უსწრებს. მესამე პოზიციაზე მყოფმა ‘ხვამლმა’ კი რიონისპირელებთან ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირა. მორიგ ტურში უდაოდ გამორჩეული, ‘აია’-‘ხვამლის’ შეხვედრა იქნება, რომელიც „აია არენაზე“ გაიმართება.

‘ხარები’ 14 ქულით მე-4 ადგილზე დარჩა. ‘არმიამ’, ‘ლოკომოტივმა’ და ყოჩებმა’ 10-10 ქულა დააგროვა და ხსენებული სამეული ცხრილში მე-5-8 ადგილებს ინაწილებს. უკეთესმა პირისპირ ბალანსმა ‘ლოკომოტივი’ მე-5 ადგილზე განათავსა. მე-6 პოზიციას ‘ყოჩები’ იკავებს, ‘არმია’ კი ჯერჯერობით პლეი ოფის ზონის მიღმა, მე-7 ადგილზე იმყოფება. 5 ქულის მქონე ‘ბათუმი’ ჯგუფის აუტსაიდერად რჩება.

მე-7 ტურს 2 გადადებული შეხვედრა უსწრებდა, რითაც პირველობის კალენდარი გასწორდა. ‘ხვამლი’ მუხიანში ‘არმიას’ დაუხვდა და 3 უპასუხო ლელოს წყალობით შესვენებაზე 17 ქულიანი უპირატესობით წავიდა. ლელოს გატანა კვაჭმა საბა კუმარიტოვმა, ბურჯმა ლუკა გოგილაშვილმა და ფრთა ზურა ათოშვილმა მოახერხეს.

მეორე ტაიმის დებიუტში შუამარბ ნიკა ასანიძის დადებული ლელოთი ‘ხვამლმა’ ანგარიში გაზარდა, რასაც „არმიელთა აფეთქება“ მოჰყვა. მარქაფადან ჩართულმა ბურჯმა შალვა ნიაზაშვილმა და ფულბეკმა დათა არობელიძემ მიჯრით 2 ლელოს გატანა მოახერხეს. შეხვედრის ბოლო წუთებმა კვლავ მასპინძელთა იერიშებში ჩაიარა და საბა კუმარიტოვის შესრულებულმა „დუბლმა“ ‘ხვამლს’ მატჩი პრემიალური ქულით მოაგებინა - 31:12.

კიდევ ერთი გადადებული შეხვედრა აჭარის დედაქალაქში გაიმართა, სადაც ‘ბათუმმა’ ‘აიას’ უმასპინძლა. შეხვედრა ბათუმელთა შეტევებით დაიწყო და რაქიდან დროულად გამოტანილი ოვალი ლელოდ მასპინძელთა მხტომელმა ვასილ ქილიფთარმა აქცია. მატჩის დარჩენილმა ნაწილმა კი რიონისპირელთა უპირატესობით ჩაიარა.

მოლის ჩაქცევისთვის დანიშნული საჯარიმო ლელოთი ‘აია’ მალევე დაწინაურდა, რასაც სტუმართა მგეზავ დუტა დაშნიანის გატანილი ჯარიმაც მოჰყვა. ფავორიტმა ტაიმი 5 ქულით მოიგო. მეორე ნახევარში ‘აიას’ უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა, რაც სტუმართა 3 გატანილ უპასუხო ლელოში აისახა. თავი ჯერ ფრთა ლუკა ხარებავამ და მარბიელმა საბა ფხაკაძემ გამოიჩინეს. ბოლო წუთებზე კი მხტომელ თამაზ მეიფარიანის გატანილმა ლელომ ‘აიას’ მატჩი ბონუს-ქულით მოაგებინა - 27:5.

მე-7 ტურის გამორჩეული შეხვედრა ქუთაისში გაიმართა. ტიტულის მთავარი მაძიებლების, ‘აიასა’ და ‘ლელოს’ სეზონის პირველ დაპირისპირებას „აია არენამ“ უმასპინძლა. მატჩი მოსალოდნელისამებრ უაღრესად დაძაბული გამოდგა და ქულა-ქულაში წარიმართა. ავდარმა და სველმა მოედანმა გუნდებს პრაგმატული ქმედებებისკენ უბიძგა. მეტოქენი აქცენტს სტატიკასა და ფეხით თამაშზე აკეთებდნენ. პირველ ნახევარში გუნდებმა თითო ლელოს გატანა მოახერხეს. ‘აიას’ მხრიდან თავი ფრთა ლუკა ხარებავამ გამოიჩინა, სტუმართა რიგებში კი ხელი ფრთა დემეტრე დურგლიშვილმა გამოიღო. რიონისპირელთა მგეზავ დუტა დაშნიანის გატანილმა წყვილმა ჯარიმამ ‘აიას’ ტაიმი 3 ქულით მოაგებინა.

მეორე ტაიმის დასაწყისში დაშნიანმა მორიგი გატანილი ჯარიმით საკუთარი გუნდის უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდა, რასაც ‘ლელოს’ „აფეთქება“ მოჰყვა. ჩემპიონმა ძალუმად უტია და მარბიელ თეოდორე კილაძის გარდასახული ლელოთი ანგარიშში მინიმალური სხვაობით დაწინაურდა. ‘აია’ არ შედრკა და მატჩის დამთავრებამდე 7 წუთით ადრე, მარქაფადან ჩართული კვაჭის კახა კაპანაძის მოლით გატანილი გარდასახული ლელოთი 6 ქულიანი უპირატესობა დაიბრუნა. დარჩენილ დროში ‘ლელოს’ დიდი მცდელობის მიუხედავად ანგარიში უცვლელი დარჩა. ‘აიამ’ რამდენიმე დომინანტური ბოჭვა შეასრულა, თავი კარგად დაიცვა და პრინციპული მეტოქე ნუგეშ-ქულას დააჯერა. ‘აიამ’ მატჩი 21:15 მოიგო.

აუტსაიდერმა ‘ბათუმმა’ აჭარის დედაქალაქში ‘ხვამლს’ ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია და „მშრალი“ ანგარიშით მარცხს პირველ ტაიმში კვაჭ დადუ აბესლანიძის გარდაუსახავი ლელოთი გადაურჩა. მუხიანელებმა მთლიანობაში 9 ლელო გაიტანეს და ყველა მათგანი სხვადასახვა მორაგბის ანგარიშსზეა. ‘ხვამლის’ წარმატებას სათავე კვაჭ ლუკა წიკლაურის გატანილმა ლელომ დაუდო, წერტილი კი ჰავბეკ დაჩი წიკლაურის დადებულმა ლელომ დაუსვა. სტუმართა ჰავბეკმა 5 გარდასახვაც გამოიყენა - 57:5.

‘არმიამ’ რუსთავის ‘ხარებს’ ‘ლოკომოტივის’ ბაზაზე უმასპინძლა. ქვემო ქართლელებმა დაწინაურება მხოლოდ მატჩის საწყის მონაკვეთში მოახერხეს. „არმიელთა“ გატანილ ჯარიმას, ‘ხარების’ ბურჯმა ბექა მულაძემ გარდასახული ლელო შეაგება. იმის მიუხედავად, რომ დარჩენილ დროში ქვემო ქართლელებმა კიდევ 2 ლელოს გატანა მოახერხეს, გიორგი ზირაქაშვილის შეგირდები სამატჩო ქულის გარეშე დარჩნენ. ‘არმია’ მთლიანობაში მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა და ‘ხარებს’ ტაიმებში 2-2 ლელო გაუნაწილა. პირველ ტაიმში სტუმრებს ლელო მხტომელმა შოთა შენგელიამ და ფრთა ლუკა ტაბატაძემ დაუდეს, მეორე ნახევარში კი ლელო მგეზავმა ბექა წამალაიძემ და მარბიელმა გიორგი ჭიღლაძემ გაიტანეს. ჭიღლაძის მეორე ლელომ ‘ხარები’ ნუგეშ-ქულის გარეშე დატოვა. ‘არმიამ’ სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა და პლეი ოფის მიჯნაზე აინაცვლა - 31:19.

ტურის დასკვნითი შეხვედრა „რაგბი პლატოზე“ გაიმართა, სადაც ერთმანეთს ბოლნისის ‘ყოჩები’ და ‘ლოკომოტივი’ დაუპირისპირდნენ. ტაიმნახევრის მანძილზე უპირატესობას ‘ყოჩები’ ფლობდა. „რკინიგზელთა“ მგეზავ ლუკა დემურაშვილის 3 გატანილ ჯარიმას, ქვემო ქართლელებმა 3 დადებული ლელო დაუპირისპირეს (თავი ბოლოს შუამარბმა საბა რეხვიაშვილმა გამოიჩინა) და მეორე ტაიმის შუაწელს 10 ქულიანი სხვაობით დაწინაურდნენ. მატჩის დასკნით მონაკვეთში კი ‘ლოკომოტივამა’ იძალა. დემურაშვილმა თანაგუნდელი მღლეტელი დემეტრე საბანაძის ლელო გარდასახა და კიდევ 2 გატანილი ჯარიმით „რკინიგზელებს“ სეზონში მეორე გამარჯვება მოუტანა - 22:19.

RUGBY.GE

1.332261