რა არის ვუდის ნათურა?
ვუდის ნათურა - ეს დიაგნოსტიკური საშუალება, შემქმნელის, ცნობილი ამერიკელი ფიზიკოსის, რობერტ უილიამს ვუდის სახელს ატარებს.
თავდაპირველად მან თავისი გამოგონება UV ფოტოგრაფიაში გამოიყენა. მოგვიანებით სამეცნიერო სფეროებში, მათ შორის სისხლის სამართლის
ექსპერტიზაში, გადაუდებელ მედიცინაში, ოფთალმოლოგიასა და გინეკოლოგიაში ვუდის სხივებმა ფართო გამოყენება შეიძინა. საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ვუდის ნათურა არის დროში გამოცდილი ინსტრუმენტი, რომელიც იყენებს ულტრაიისფერ სხივებს დერმატოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მონიტორინგისთვის.
რეკომენდაციები გამოკვლევის წინ
გამოკვლევის ჩასატარებლად საჭიროა სინათლის წყარო და ბნელი ოთახი. რეკომენდებულია, რომ ნათურა გაცხელდეს დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში და მოთავსდეს კანის ზედაპირიდან 10-12 სმ-ის დაშორებით. აღსანიშნავია, რომ გარე ფაქტორებმა შესაძლებელია გავლენა მოახდინონ ფლუორესცენციის ცვლილებაზე. მაგალითად, თუ პაციენტმა ცოტა ხნის წინ მიიღო შხაპი, გარკვეული მედიკამენტები, ასევე თავის მოვლის თუ ჰიგიენური საშუალებები, გამოსაკვლევ ზედაპირზე გამოიწვევს შეუსაბამო ფლუორესცენციას.
დერმატოვენეროლოგიაში დიაგნოსტიკური ტესტები გამოიყენება მაშინ, როდესაც ფიზიკური გამოკვლევა დიაგნოზის დასასმელად საკმარისი არ არის. ვუდის სხივების ლუმინესცენციური ნათების საშუალებით განისაზღვრება დაზიანებული კერების ნათების ხასიათი, განვასხვავებთ ბაქტერიულ და სოკოვან ინფექციებს, ასევე ჰიპოპიგმენტაციას დეპიგმენტაციისაგან. ეს მეთოდი გამოიყენება ისეთი დაავადებების დიაგნოსტირებაში, როგორებიცაა:
- ნაირფერი პიტირიაზი
- ერითრაზმა
- დერმატოფიტია
- კანდიდოზი
- ვიტილიგო
რა არის ნაირფერი პიტირიაზი?
ნაირფერი პიტირიაზი კანის სოკოვანი დაავადებაა. ის ზედაპირული მიკოზების ჯგუფს მიეკუთვნება და ანთებითი მოვლენები კანის ღრმად მდებარე ფენებში არ ვითარდება. ეს დაავადება საკმაოდ გავრცელებულია როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში, მეტად თბილი კლიმატის მქონე ქვეყნებში. გამომწვევია Malassezia, რომელიც ბინადრობს ეპიდერმისის რქოვანა შრესა და თმის ფოლიკულში და აზიანებს მელანოციტებს. ახასიათებს მსუბუქად აქერცვლადი, მომრგვალებული ფორმის, არაანთებადი მოვარდისფრო-მორუხო ან მოგვიანებით რძიანი-ყავისფერი ლაქები. განვითარების ხელშემწყობ ფაქტორებს წარმოადგენს ცხიმოვანი და საოფლე ჯირკვლების ჰიპერსეკრეცია. საყურადღებოა ანამნეზში ისეთი დაავადებების არსებობა, როგორებიცაა: შაქრიანი დიაბეტი, კუშინგის სინდრომი, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები. ნაირფერი პიტირიაზის დიაგნოზს კლინიკური სურათის, ბაქტერიოსკოპული გამოკვლევისა და ვუდის აპარატის დაშუქების საფუძველზე ვსვამთ. ვუდის სხივების ქვეშ, ჩაბნელებულ ოთახში კანის დაზიანებული უბანი ჯანსაღისგან განსხვავებით მოყვითალო-მომწვანო ან ფოსფორისფრად ანათებს.
რა არის ერითრაზმა?
ერითრაზმა ბაქტერია Corynebacterium minutissimum-ით გამოწვეული ინფექციაა. მისთვის დამახასიათებელია დიდი ნაკეცების ქრონიკული ბაქტერიული დაზიანება, რომელსაც ახასიათებს რეციდივები.
ხელშემწყობი ფაქტორებია: შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, კანის მაცერაცია, ოფლიანობა, კანის დაბინძურება და მისი არარაციონალური ჰიგიენა. ერითრაზმას ახასიათებს უპირატესად ღრმა ნაოჭებში გამოხატული მოწითალო-აგურისფერი ან მუქი წითელი ფერის ლაქები მსუბუქად აქერცვლადი ან გლუვი ზედაპირებით. გამონაყარი შესაძლოა გაჩნდეს იღლიების არეში, მკერდქვეშ ნაკეცებში, ხშირია თეძო-საზარდულის მიდამოში, იშვიათად ფეხის თითებს შორის. დაავადებას თან ახლავს ქავილი და მსუბუქი წვა გართულებისას. დიაგნოსტირება ტარდება კლინიკური სურათის, მიკროსკოპიის და ვუდის ნათების საშუალებით. კანის ულტრაიისფერი დასხივებით, ვუდის სხივების ქვეშ ნათლად ჩანს მომარჯნისფრო-მოწითალო ლუმინესცენცია.
რა არის დერმატოფიტია?
დერმატოფიტები ძაფისებური სოკო-პარაზიტებია, რომლებიც იწვევენ დერმატომიკოზებს. ეს სოკოვანი დაავადებების დიდი ჯგუფია, რომელიც აზიანებს არამარტო კანს, არამედ მის დანამატებსაც (თმას, ფრჩხილებს). დაინფიცირების ხელშემწყობი ფაქტორები ბევრია, მათ შორისაა: ასაკი, სქესი, ენდოკრინული და ნერვული სისტემის დაავადებები, ქრონიკული დაავადებები, რქოვანა შრის დაზიანებები, ოფლიანობა. ხშირია თმის დაზიანებით მიმდინარე დერმატომიკოზი, გამოწვეული ანთროპოფილური სოკო-პარაზიტების Trichophyton tonsurans -ის და Trichophyton violaceum - ის მიერ. გამომწვევები მაღალი კონტაგიოზურობით გამოირჩევა. თმის დაზიანებისას პარაზიტი იბუდებს თმაში და იწვევს სუსტად გამოხატულ ანთებით რეაქციას, თავის თმიანი ნაწილის და გლუვი კანის ზედაპირულ და ქრ.ტრიქოფიტიას. დიაგნოსტირებისას, ვუდის სხივების დანათებისას თავის თმიან ზედაპირზე თმის ღერები ანათებს მწვანედ.
რა არის კანდიდოზი?
კანდიდოზი კანის ლორწოვანი გარსის, კანის დანამატების და შინაგანი ორგანოების დაავადებაა, რაც უმეტესად გამოწვეულია საფუარისებრი სოკო-პარაზიტი Candida Albicans-ის მიერ. კანდიდოზის განვითარებას ხელს უწყობს ოფლიანობა, ჭარბწონიანობა, შაქრიანი დიაბეტი, იმუნიტეტის დაქვეითება, ჰიპოვიტამინოზი, ასევე მრავალი ენდო და ეგზოგენური ფაქტორი. ეგზოგენური ფაქტორებიდან საყურადღებოა გარემოს ტემპერატურა, ტენიანობა, კანისა და ლორწოვანი ზედაპირის ტრავმები, რაც ამცირებს რქოვანა შრის pH-ს და ზრდის პარაზიტის შეღწევადობასა და შემდგომ გამრავლებას. ძირითადად გვხვდება კანის ტენიან, ბნელ არეებში: მკერდის ქვეშ, ნაკეცებში, პირში, საზარდულის მიდამოში ,საშოში. ახასიათებს გამოხატული მოვარდისფრო-მოწითალო ფერის გამონაყარი, ქავილი. ვუდის სხივებით დიაგნოსტირებისას დაზიანებულ არეზე დანათებისას გამოხატულია თეთრი ფერის ლუმინესცენცია.
რა არის ვიტილიგო?
ვიტილიგო ქრონიკული აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება კანზე ზრდისკენ მიდრეკილი დეპიგმენტირებული ლაქების გაჩენით. კანის უჯრედებში, მელანოციტებში წარმოიქმნება პიგმენტი მელანინი, რომელიც კანს შეფერილობას სძენს. CD8+ T უჯრედები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მელანოციტების განადგურებაში და შესაბამისად თეთრი მაკულებისა და ლაქების დატოვებაში კანის ზედაპირზე. ვიტილიგომ შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში იჩინოს თავი, თუმცა უმეტესობა შემთხვევებისა 20 წლამდე ასაკში ვლინდება და თანაბარი სიხშირით გვხვდება ქალებსა და მამაკაცებში. თავდაპირველად ლაქა მოვარდისფრო ფერისაა, თანდათან საბოლოოდ თეთრდება. სხვადასხვა ზომისა და ფორმის დეპიგმენტირებული ლაქები, რომლებიც ფართოვდება, ერთმანეთს უერთდება და დიდ კერებს წარმოქმნის. დაავადების გამომწვევი ეტიოლოგიური ფაქტორები ბოლომდე შესწავლილი არ არის, თუმცა ემოციური სტრესი, ინსოლაცია, იმუნური სისტემისა და გენეტიკური დეფექტები ხელშემწყობ ფაქტორებად შესაძლოა ჩაითვალოს. დიაგნოსტირებისას ვუდის ნათურა გვეხმარება განვასხვავოთ დეპიგმენტირებული ზედაპირი ჰიპო- პიგმენტაციისგან. ვიტილიგოს დეპიგმენტაცია ვუდის სხივების ქვეშ ანათებს სპილოსძვლისფერ-თეთრად, ხოლო ჰიპოპიგმენტური დაზიანება არ ანათებს.
რეკომენდაციები და საფრთხეები
ვუდის ნათურა უმტკივნეულო და უსაფრთხოა გამოსაყენებლად. ის არ აზიანებს კანს და არ იწვევს დამწვრობას. გამოკვლევა იმდენად ხანმოკლეა, რომ ნაკლებად შესაძლებელია გამოიწვიოს გაღიზიანება სინათლისადმი მგრძნობიარე ადამიანებშიც კი. ვუდის სხივების დანათებისას საკვლევი ზედაპირი უნდა იყოს სუფთა. აუცილებელია მაკიაჟის, დეოდორანტის თუ სხვა საშუალებების გამოყენებისგან თავის შეკავება ცდომილების თავიდან ასაცილებლად. ულტრაიისფერი გამოსხივების ტესტი, თქვენი ჯანმრთელობის ისტორიასა და კლინიკურ სურათთან ერთად, დაგეხმარებათ სწრაფ და ზუსტ დიაგნოსტირებაში.
®