ფეხბურთი

18:45 | 25.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფაუზი გულამი: "კვარაცხელიას შეცვლით კონტემ გუნდს კარგი სიგნალი გაუგზავნა"

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ფაუზი გულამმა „ნაპოლი“ – „რომას“ მატჩის შემდეგ იტალიურ მედიასთან ისაუბრა.

მან კომენტარი გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლაზეც და ალჟირელმა აღნიშნა, რომ ანტონიო კონტემ გუნდს კარგი სიგნალი გაუგზავნა:

„რატომ შეცვალეს კვარა? ბურთს ზედმეტად იჭერდა. ლუკაკუსთან ერთად თამაშის დროს საჭიროა ფეხბურთელი, რომელიც ფორვარდს უფრო მეტად დაუჭერს მხარს. აღარ არის მოედანზე ვიქტორ ოსიმენი, რომელიც სივრცეებს თავად ხსნიდა.

კვარას ამ „ნაპოლიში“ მნიშვნელოვანი როლი აქვს, მაგრამ მას ახლა მეტოქეები იცნობენ და ორმაგი მეურვეობით ეთამაშებიან. კონტე გუნდს კარგ სიგნალს უგზავნის მისი შეცვლით: ეს ნიშნავს, რომ არავინაა შეუცვლელი, თუ გამარჯვება გინდა. კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ შემადგენლობაში სხვა ძლიერი ფეხბურთელებიც არიან. კონტე კვირის განმავლობაში ბევრს მუშაობს და ევროტურნირებზე რომ არ გამოდიან, ეს საშუალებას აძლევს, გუნდის ძლიერ მხარეებზე ბევრი იმუშაოს“, - თქვა გულამმა.

ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში სერია A-ს მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 5 გოლი და 2 საგოლე პასია.

„ნაპოლი“ 29 ქულით ლიდერობს სერია A-ს, შემდეგ მოდიან „ატალანტა“, „ინტერი“ და „ფიორენტინა“, რომლებსაც 28-28 ქულა აქვთ. მომდევნო ტურში ანტონიო კონტეს გუნდი პირველ დეკემბერს, „ტორინოს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.115238