საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ ფინეთთან მატჩის (81:64) შემდეგ ისაუბრა.
როგორც ნაკრების კაპიტანმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოიგეს. მან ასევე ისაუბრა, რომ მისი პირველი ოცნება ეროვნულ ნაკრებში თამაში იყო.
„ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ, ყველამ იცის, რომ ფინეთი ძლიერი გუნდია, სამქულიანებს კარგად ისვრიან. ევროპის ჩემპიონატის საგზური მოპოვებული აქვთ და როდესაც გუნდს დასაკარგი არაფერი აქვს, უფრო საშიშია. მადლობა მწვრთნელს, რომელმაც მოკლე დროში მოახერხა გუნდის კარგად მომზადება და ერთ სისტემაში ყველა კალათბურთელის მოქცევა.
ბოლდუინი დიდი გულის ადამიანია. რთულია მხოლოდ რამდენიმე ვარჯიშით ახალ გუნდში ასე მაგრად ითამაშო. ძალისხმევა, მონდომება და მაღალი IQ საჭიროა, რომ გუნდში ადაპტირება ასე სწრაფად შეძლო. ჩვენ ამას ვაფასებთ, ის ჩვენი ოჯახის წევრია.
ყველა ოცნებობს NBA-ში თამაშზე, ჩემი პირველი ოცნება ნაკრებში თამაში იყო. ამ გუნდში თამაში და კაპიტნობა ჩემთვის ყველაფერია და ვამაყობ. ჩემს თანაგუნდელებს, ფიზიოებს, ყოველთვის ვეუბნები, რომ არ მკითხონ, დაღლილი ვარ თუ არა, ჩემს თავს ვაჯერებ, რომ განახლებული ენერგია მაქვს. ყველაზე მთავარი მენტალური მომზადებაა.
ყველა ერთ მხარეს ვდგავართ, კამარი ჩვენთან მოკლე პერიოდია, რაც იმყოფება. მწვრთნელს 12-11 დღე ჰქონდა დაეკავშირებინა 15 კალათბურთელი, რომლებიც სხვადასხვა გუნდში თამაშობს, ამას დიდი IQ სჭირდება. - თქვა შენგელიამ.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფში საქართველოს ნაკრებს ოთხი ტურის შემდეგ 2 მოგება და 2 მარცხი აქვს, წინ კიდევ ორი ტურია, მომდევნო მატჩი კი, გადამწყვეტი იქნება, თბილისში დანიის ნაკრებთან. ეს შეხვედრა 21 თებერვალს გაიმართება.