„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ „ნაპოლისთან“ მატჩის (0:1) შემდეგ მსაჯებზე ისაუბრა.
ის უკმაყოფილო იყო არბიტრის გადაწყვეტილებებით, თუმცა, თქვა, რომ შეცდომებს მსაჯებიც უშვებენ.
„მსაჯებმა შეცდომები დაუშვეს, ყველამ დავინახეთ, მაგრამ არ უშავს. მსაჯებიც ცდებიან, ეს უნდა მივიღოთ, ვცდებით ჩვენ და ცდებიან მსაჯებიც. ლუკაკუ იმსახურებდა რამდენჯერმე გაფრთხილებას და გაძევებასაც, ჩვენ კი, მაისურზე ყოველ შეხებაზე გვაფრთხილებდა არბიტრი, როცა იმავეს „ნაპოლის“ ფეხბურთელები აკეთებდნენ, არ აფრთხილებდნენ. უმჯობესია გავჩუმდე, თორემ გავრცელდება მესიჯი, რომ ვწუწუნებ. ვთქვათ, რომ ყველაფერი კარგად იყო“, - თქვა რანიერიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 29 ქულით ლიდერობს, მომდევნო ტურში კი, პირველ დეკემბერს, „ტორინოს“ სტუმრად შეხვდება.