რაგბი

16:18 | 24.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

რეგიონული ლიგა | ამერში ‘ქვემო ქართლი’ და ‘ჭადარი’ ლიდერობენ

დასავლეთის ჯგუფის კვალ, ზამთრის არდადეგებმა აღმოსავლეთის მეორე ჯგუფშიც დაისადგურა. ‘პატარძეული’ და ‘ჭადარი’ პირველი წრის დასკვნით ტურში ერთმანეთს თელავში დაუპირისპირდნენ. აღსანიშნავია, რომ ჯგუფის საკულტო შეხვედრამდე მეტოქენი მაქსიმალური შედეგით ზიარად ლიდერობდნენ.

‘ჭადარი’ გამოცდილ მეტოქესთან უპირატესობას მატჩის პირველივე წუთებიდან ფლობდა, ლაღად, სწრაფად, კომბინაციურ სტილში მოქმედებდა და შესვენებაზე 26 ქულიანი სხვაობით წავიდა. თელაველთა წარმატებას სათავე შუამარბი კაპიტნის ვანო თუშიშვილის გატანილმა ლელომ დაუდო, რასაც შემდგომში მარბიელ კოტე ნახუცრიშვილის „დუბლი“ მოჰყვა. ‘ჭადარის’ ფრთა ნიკა ალექსანდრიამ კი „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა. გარე კახელებმა ლელოს გატანა მხოლოდ მეორე ტაიმში შეძლეს. მარბიელმა ვეფხია უსტიაშვილმა წყვილი ლელო გაიტანა. თენგო ცისკარიშვილის დამოძღვრილმა მასპინძელთა ახალგაზრდა კოლექტივმა სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და მატჩი პრემიალური ქულით მოიგო - 43:17.

პირველი წრის შემდეგ ‘ჭადარი’ მაქსიმალური შედეგით, 25 ქულით ერთპიროვნულად გალიდერდა და ‘პატარძეულს’ 5 ქულით გაუსწრო. გარე კახელებს ცხრილში ‘დევები’ 6 ქულით ჩამორჩება. მესამე პოზიციაზე დამკვიდრებულმა ‘დევებმა’ პირველ წრეში 3 შეხვედრაში იმარჯვა და მარცხი მხოლოდ კახურ გუნდებთან შეემთხვა. მეორე წრის განახლებისთანავე განსაკუთრებულ ყურადღებას ‘პატარძეულისა’ და ‘დევების’ დაპირისპირება იწვევს.

აღმოსავლეთის პირველი ჯგუფის ფავორიტებმა: ‘ქვემო ქართლმა’ და ‘არმაზმა’ იოლ წარმატებას მიაღწიეს. ორივე ქვემო ქართლურმა გუნდმა მატჩი პრემიალური ქულით მოიგო, რამაც 23 ქულის მქონე ჯგუფის ლიდერ გარდაბნელებს, მარნეულელებთან ცხრილში 3 ქულიანი უპირატესობა შეუნარჩუნა. ზურა ხორბალაძის ბიჭებმა პირველობის 5-ივე შეხვედრაში იმარჯვეს და პირველ წრეს მოუგებლად მყოფ აუტსაიდერ ‘ბორჯომთან’ მატჩით ჩაამთავრებენ. მესამე პოზიციაზე 15 ქულით თსუ-მ აინაცვლა. სტუდენტებმა ‘სოხუმს’ 1 ქულით გადაასწრეს. პირველი ჯგუფის პირველი წრე მომავალ უქმეებზე დასრულდება.

‘არმაზი’, ჯგუფის აუტსაიდერ ‘ბორჯომს’ მშობლიური ვაზისუბნის სარაგბო არენაზე დაუხვდა და თორელები ფულბეკ შოთა გულიაშვილის გარდაუსახავ ლელოს დააჯერა. საკუთრივ კი მარნეულელებმა მეტოქეს 13 ლელო გაუტანეს. ‘არმაზის’ შუამარბმა თორნიკე შაქარაშვილმა და კვაჭმა გიორგი დანელიამ „ჰეთ-თრიკი“ შეასრულეს - 85:5.

პირველობის დებიუტანტმა ‘ქვემო ქართლმა’ მიჯრით მეორე შეხვედრა სამნიშნა ციფრით მოიგო. ზურა ხორბალაძის ბიჭებმა ‘ლოკომოტივის’ ბაზაზე ‘ლაშარს’ 15 ლელო დაუდეს. გარდაბნელთა ფრთა მიშო შუბითიძემ, შუამარბმა ზუკა გიგუაშვილმა და მღლეტელმა ნიკა ტაბატაძემ „დუბლი“ შეასრულეს. ‘ლაშარის’ მხრიდან კი ლელოს გატანა პირველ ტაიმში მღლეტელმა თემურ ბაიაშვილმა და მხტომელმა ზურა ხვედელიძემ მოახერხეს - 101:12.

‘ლოკომოტივის’ ბაზამ თსუ-‘ივერიელის’ შეხვედრასაც უმასპინძლა. სტუდენტები საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ, რაც 10 გატანილ ლელოში ასახეს. თსუ-ს შუამარბმა გია შალამბერიძემ და მხტომელმა საბა ჩანადირმა „დუბლი“ გაიფორმეს. ‘ივერიელის’ მხრიდან კი 1 საპასუხო ლელოს გატანა პირველ ტაიმში მგეზავმა გელა ფოლადაშვილმა მოახერხა. თსუ-მ მატჩი პრემიალური ქულის თანხლებით, დამაჯერებლად მოიგო - 66:7.

RUGBY.GE

0.116321