უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 2024 წლის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთი 32:11 დაამარცხეს და ტიტული ზედიზედ მეექვსედ მოიპოვეს.
გადამწყვეტ მატჩამდე ზურაბ ამონაშვილის შეგირდებმა 1/4-ფინალში გერმანიას 67:0, ნახევარფინალში კი ნიდერლანდებს 36:5 მოუგეს. თავის მხრივ ესპანეთმა პირველ ეტაპზე ბელგიას 34:0, ხოლო მეორეზე ჩეხეთს 41:19 სძლია და უმცროს ბორჯღალოსნებთან მატჩსაც მობილიზებული შეხვდა, თუმცა ზურაბ ამონაშვილის შეგირდები ფინალშიც დომინირებდნენ და ევროპის ჩემპიონის ტიტული დამსახურებულად დაისაკუთრეს.
თამაში ჩემპიონის მრავალფაზიანი შეტევით დაიწყო, გიგი სირბილაძემ ბურთი ფეხით გადაკიდა, საჰაერო ორთაბრძოლა საბა შარვაშიძემ მოიგო და ლელოთი ანგარიში გახსნა. მე-10 წუთზე უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ტრადიცული მოლი აააგორეს და ანრი შველიძემ უპირატესობა გაზარდა. სირბილაძემ ორიდან ერთი გარდასახვა გამოიყენა. მეტოქემ ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, საქართველომ კვლავ მოლი ააგორა, რაქიდან ბურთი დავით ბარბაქაძეზე გავიდა და მისი შეჩერება მცველებმა ვეღარ შეძლეს.
სირბილაძის გარდასახვის შემდეგ ესპანელებმა გააფთრებით შემოგვიტიეს და რეალური სალელოვე შანსიც შექმნეს, თუმცა უმცროსმა ბორჯღალოსნებმა თავის დაცვა მოახერხეს. მეტოქეს ნერვებმა უმტყუნა და ჩხუბი აგვიტეხა, რასაც ორივე გუნდიდან თითო მოთამაშის სინბინი მოყვა (საქართველოდან ლუკა საღინაძე). დარჩენილ დროში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს და ტაიმი 22:6 დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში სირბილაძემ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა. მერე ნიკოლოზ ხალვაშმა მიიღო ყვითელი ბარათი და მოედანზე კაცნაკლული დავრჩით. საქართველომ თავი დაიცვა, მერე კვლავ შეტევაში დაბრუნდა და 50-ე წუთზე აგორებული მოლით საჯარიმო ლელო გამოიმუშავა. ესპანეთმა 4 წუთში შეძლო საპასუხო ლელოს გატანა, რის შემდეგაც თამაში ორმხრივი შეტევებით და ორმხრივი შეცდომებით გაგრძელდა, ანგარიში აღარ შეცვლილა და საქართველომ ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთი 32:11 დაამარცხა.
2024 წლის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი
პრაღა (ჩეხეთი). მარკეტა სთედიუმი.
23 ნოემბერი. ფინალი. 20:30 საქ. დრო
საქართველო - ესპანეთი 32:11 (22:6)
საქართველო
ხაზი: 15. ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), 14. საბა შარვაშიძე (აია), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. დავით ბარბაქაძე (არმია), 11. ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი), 10. გიგი სირბილაძე (ლელო), 9. თემურ ძოძუაშვილი (აია);
შერკინება: 1. დაჩი ჭელიძე (ლელო), 2. ანრი შველიძე (ბრივი, საფრანგეთი), 3. არჩილ ნოზაძე (აჟენი, საფრანგეთი), 4. დავით ბარამია (ტულონი, საფრანგეთი, კაპ.), 5. გიორგი მეფარიშვილი (აია), 6. ლუკა ნარსია (აია), 7. ლუკა საღინაძე (ლიონი, საფრანგეთი), 8. მიხეილ შიოშვილი (ტულონი, საფრანგეთი);
მარქაფა: 16. დავით არჩვაძე (ლელო), 17. საბა კილაძე (ხვამლი), 18. ნიკოლოზ კორახაშვილი (ლელო), 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია (კლერმონი, საფრანგეთი), 20. გიორგი არძენაძე (ბათუმი); 21. გოგა უშვერიძე (აია), 22. ამირან ბიწკინაშვილი (ლელო), 23. დემეტრე დევდარიანი (სენტ მერის კოლეჯი, ინგლისი); 24. გიორგი ზაზაძე (ხარები), 25. ავთანდილ ზვიადაძე (აია), 26. ივა კვირიაშვილი (ლელო).
მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი
4 ლელო: შარვაშიძე, შველიძე, ბარბაქაძე, საჯარიმო
2 გარდასახვა: სირბილაძე
2ჯარიმა: სირბილაძე
RUGBY.GE